დაცული ტერიტორიების სააგენტოს ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკის რეინჯერებმა გზააბნეული ნიამორი საბინადრო გარემოში დააბრუნეს.
ნიამორი შატილში, დასახლებულ პუნქტში ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა დააფიქსირეს და აღნიშნული ფაქტის შესახებ ფშავ-ხევსურეთის ეროვნულ პარკს აცნობეს.
ნიამორის პოვნის და საბინადრო გარემოში დაბრუნების სამუშაოებში, დაცული ტერიტორიების სააგენტოს რეინჯერებთან ერთად ადგილობრივი მოსახლეობა აქტიურად ჩაერთო. რეინჯერებმა ნიამორი უსაფრთხოების ყველა ნორმის დაცვით დაიჭირეს და ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე დააბრუნეს. შემდგომი მონიტორინგისთვის ნიამორს ნიშანი გაუკეთდა. რეინჯერები მას ყოველდღიურ რეჟიმში დააკვირდებიან.
აღსანიშნავია, რომ ნიამორი წითელი ნუსხით დაცული უნიკალური და გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობაა. ბოლო წლებში, მიმდინარე დაკვირვებამ აჩვენა, რომ ნიამორის რიცხოვნება ყოველწლიურად იზრდება. დაცული ტერიტორიების სააგენტო მუდმივად აკვირდება მათ რიცხოვნებას ფოტოხაფანგების, რეინჯერების და შესაბამისი აღრიცხვის მეთოდების საშუალებით.