კომპანია Mercedes-Benz-მა ელექტრონული ლიფტბეკის EQS-ის პარკინგის ასისტენტის მუშაობა აჩვენა. გერმანული ბრენდის ინჟინრებმა ლოს-ანჯელესის ერთ-ერთ დახურულ პარკინგზე სპეციალური გადამცემები დაამონტაჟეს და მათი დახმარებით ელექტროქარმა სივრცეში ორიენტირება შეძლო. საკმარისი იყო მძღოლს ავტომობილი დაეტოვებინა და სმარტფონის დახმარებით აპლიკაცია გაეაქტიურებინა. ამის შემდეგ ავტომობილმა თავისუფალი ადგილი თავად იპოვა და მისკენ წავიდა.
პარკირების ასისტენტის გასააქტიურებლად სპეციალური გადამცემების არსებობაა საჭირო. ინოვაციური სისტემა ელექტროქარს წინაღობების აღმოჩენაშიც დაეხმარება და ქვეითების შემჩნევის შემთხვევაში გააჩერებს კიდეც.
Mercedes-ში ირწმუნებიან, რომ Intelligent Park Pilot მძღოლს არამხოლოდ დროის დაზოგვაში დაეხმარება, არამედ პარკინგზე უფრო მეტი მანქანის გაჩერების სივრცესაც შექმნის. ავტომობილები ერთმანეთთან უფრო ახლოს დაპარკინგდებიან, რადგან მძღოლს მანევრის დასრულების შემდეგ კარის გაღება არ დასჭირდება.