ქსელში გავრცელდა ვიდეო ჩანაწერი, რომელიც SEMA-ს ავტო გამოფენაზეა გაკეთებული. ათობით დატუნინგებულ ავტომობილს შორის ვიდეოს ავტორმა უჩვეულო მწვანე ფერის Ford Bronco იპოვა, მოდელი სახელად Chia. სტანდარტული შეფერილობის ნაცვლად ყველგანმავლის ძარა ნამდვილი ხავსითაა დაფარული. უჩვეულო მოდელის შემქმნელების განცხადებით, ასეთი ვიზუალის შესანარჩუნებლად ბევრი წყალი და მზის სხივებია საჭირო.
Chia Bronco-ს შესაქმნელად ნამდვილი ხავსი გაზარდეს და შემდეგ ძარაზე გადარგეს. ტუნერებმა ნატურალური ხალიჩა ფრთხილად ამოჭრეს და ავტომობილი მთლიანად მისით დაფარეს. გარდა ესთეტიკური ნაწილისა, ნატურალური ხავსი ავტომობილს სხვადასხვა ზემოქმედებისგანაც იცავს.
ორგანული ექსტერიერის ერთადერთი მინუსი მისი ხანმოკლე სიცოცხლეა. გარდა ამისა, ნატურალურ საფარს მუდმივად სჭირდება ნესტი და მზის სხივები, რათა მან ზრდა განაგრძოს. ტუნერები ფიქრობენ რომ ასეთი ავტომობილით ქარში გადაადგილებაც არ არის ჭკვიანური აზრი.