1 წლის თავზე ჩვენ გვაქვს უსამართლობის განცდა, დასაკავებლები არიან ძალადობის ორგანიზატორები, – აცხადებს ჟურნალისტი, მირანდა ბაღათურია, რომელმაც ცოტა ხნის წინ, საქართველო დატოვა და ემიგრაციაში წავიდა. მისი თქმით, ამის მიზეზი 5 ივლისი გახდა, როცა მოძალადეები მის ოპერატორს, ლექსო ლაშქარავას თავს დაესხნენ.
„1 წლის წინ, 5 ივლისს ჩემზე და ლექსო ლაშქარავაზე იძალადეს მხოლოდ იმიტომ, რომ ვასრულებდით პროფესიულ მოვალეობას. რა შეიცვალა 1 წლის თავზე?
შეიცვალა ის, რომ მხოლოდ 20-მდე ადამიანია დაკავებული, მხოლოდ იმიტომ, რომ გაგვიმართა ჟურნალისტებს და მოვასწარით მათი გადაღება იქამდე, სანამ ფიზიკურად გაგვისწორდებოდნენ. იმდენად მძიმე წელი იყო, რომ მომიწია ტაიმაუტის აღება ამ პროფესიაში“, – ამბობს მირანდა ბაღათურია.
მირანდა ბაღათურიამ საქართველო დატოვა: „ძალიან მძიმე წელი იყო ჩემთვის“
ჟურნალისტი დეა მამისეიშვილი აცხადებს, რომ 5 ივლისი იყო ჟურნალისტებზე გამოცხადებული თავდასხმის ქრონიკა.
„პირდაპირი მნიშვნელობით, სისხლის ღვრა მოგვიწყვეს რუსთაველის გამზირზე.
52 დასისხლიანებული ჟურნალისტი და ერთი გარდაცვლილი, ლექსო. ეს არ შეიძლება იყოს სტატისტიკა, ხელისუფლებამ უნდა აგოს ამ ყველაფერზე პასუხი. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი 1 წლის თავზე არის ის, რომ 5 ივლისი შერჩათ“, – აღნიშნავს დეა მამისეიშვილი.
ჟურნალისტი რატი წვერავა მიიჩნევს, რომ 5 ივლისი ხელისუფლების მხრიდან დაგეგმილი პირდაპირი სპეცოპერაცია იყო ჟურნალისტების წინააღმდეგ.
“დღეს ზუსტად 1 წელი გავიდა, მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ ღიად და დაუფარავად გვითხრა, რომ ყველაფერზე არიან წამსვლელები, მათ შორის ფიზიკურ ძალადობაზე, იმ შემთხვევაში, თუკი არ მოეწონებათ კრიტიკულ ტელევიზიებში გაჟღერებული აზრი.
ამ დრომდე სამართალდამცავი უწყება მიმტკიცებს, რომ თითქოს იდენტიფიცირებას ვერ ახდენენ იმ პირების, რომლებიც ფიზიკურ ძალადობაში მონაწილეობდნენ. ბუნებრივია ეს არის აბსურდი, ხელისუფლებამ კარგად იცის ამ ადამიანების ვინაობა, უბრალოდ აქ არ არის პოლიტიკური ნება.
ზუსტად ერთი წლის წინ, 5 ივლისს რუსთაველის გამზირზე, სადაც ღირსების მარში იყო დაგეგმილი, პრორუსულმა ძალადობრივმა ჯგუფებმა დააორგანიზეს ძალადობა — აქტივისტების ოფისები დაარბიეს, ფიზიკურად გაუსწორდნენ 50-ზე მეტ ჟურნალისტს. ნაცემი ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა 11 ივლისს გარდაიცვალა.