მაშველებმა უცხო ქვეყნის დაშავებული მოქალაქე მყინვარწვერიდან თბილისში ჩამოიყვანეს. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, მამაკაცის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ში შევიდა შეტყობინება, რომ მყინვარწვერზე, ზღვის დონიდან 4 500 მეტრ სიმაღლეზე უცხო ქვეყნის მოქალაქე იმყოფებოდა, რომელსაც ჰქონდა ქვედა კიდურის მოტეხილობა, იყო შეუძლოდ და სჭრიდებოდა მაშველების დახმარება.
რთული რელიეფის გამო და დაშავებულის მდებარეობის გათვალისწინებით, ადგილზე ქვეითი სამაშველო ჯგუფის დროულად ასვლა და ახალგაზრდა მამაკაცისთვის დახმარების აღმოჩენა ვერ მოხერხდებოდა, ამიტომ მის დასახმარებლად თბილისიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით გავიდნენ განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სამმართველოს თანამშრომლები. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველების მიერ, მამაკაცი, ამ დროისთვის, უკვე ჩამოყვანილია თბილისში. მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება“, – ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციაში.