ლვოვის მერის ანდრიი სადოვის ინფორმაციით, დღეს დილით რუსეთის საოკუპაციო ძალებმა სარაკეტო დარტყმები განახორციელეს ლვოვის აეროპორტის რაიონში.
მერის თანახმად, განადგურებულია საავიაციო-სარემონტო ქარხნის შენობა. სადოვი ფეისბუკზე წერს, რომ ქარხნის აქტიური მუშაობა დროულად იყო შეჩერებული და წინასწარი მონაცემებით, მსხვერპლი არ არის.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, დასავლეთ უკრაინის ქალაქ ლვოვში აფეთქებების ხმა ისმის. გამოცემა „უკრაინა 24-ის“ ცნობით, აფეთქებები ქალაქ ლვოვის სხვადასხვა რაიონში ადგილობრივი დროით დაახლოებით 6:30 საათიდან დაიწყო.
ლვოვის მერი ანდი სადოვი ტელეგრამ არხზე ავრცელებს ინფორმაციას, რომ ქალაქზე განხორციელებულ ავიაიერიშებს მსხვერპლი არ მოჰყოლია.
მისი თქმით, დილიდან ლვოვზე ავიაიერიში რამდენჯერმე განხორციელდა. სადოვმა აღნიშნა, რომ თავდასხმის ერთ-ერთი სამიზნე თვითმფრინავების ტექნიკური ქარხანა გახდა, რომლის აღსადგენადაც აქტიური მუშაობა მიმდინარეობს.
ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობას თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდებს.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, აფეთქებების ხმა ისმის ხარკოვსა და დნეპროშიც.