თელავში მდებარე სასტუმრო „ზუზუმბომ“ საკუთარ მომსახურებას საჰაერო ტურების სერვისი დაამატა, ამაში კი მას დახმარებას ავიაკომპანია „თი სი ეი“ უწევს. საქმე ისაა, რომ ავიაკომპანია „თი სი ეი“-სა და აღნიშნულ სასტუმროს შორის თანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის საფუძველზეც, ავიაკომპანია „ზუზუმბოს“ დამსვენებლებს საკუთარ მფლობელობაში არსებული, იტალიური წარმოების AGUSTA A-109K2 -ს მოდელის ორი ვერტმფრენით ემსახურება.
მომხმარებელს შეუძლია დაიქირავოს „თი სი ეი“-ს კუთვნილი ვერტმფრენი და მისთვის სასურველ, საქართველოს ნებისმიერ რეგიონში გადაფრინდეს. საჰაერო ტურები განსაკუთრებით ხელსაყრელია ისეთი ძნელად მისასვლელი ადგილებისთვის, როგორიც მაგალითად თუშეთია. საჰაერო ტურის მომსახურებაში შედის ადგილზე ექსკურსიაც, სამი საათის მანძილზე ვერტმფრენი ელოდება მგზავრებს და მოჰყავს უკან.
ცნობისთვის, ავიაკომპანია „თი სი ეი“-ს საკუთრებაში არსებული იტალიური წარმოების AGUSTA A-109K2 -ს მოდელის ვერტმფრენები 6 ადგილიანია და საკმაოდ კომფორტულია.