LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: გმირმა გია ბერიაშვილმა სახლის გასაღები მეზობელთან დატოვა და პოლონეთის საზღვრიდან შეატყობინა ოჯახს, რომ ომში იყო: რას ჰყვება უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლის მეუღლე

989
BeFunky-collage

რუსეთ-უკრაინის ომში დაღუპული ქართველი გმირის, გია ბერიაშვილის მეუღლემ “სხვა ნანუკას” ეთერში ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, გია ბერიაშვილმა სახლის გასაღები მეზობელთან დატოვა, ოჯახს კი ომში წასვლის თაობაზე პოლონეთის საზღვრიდან ამცნო.

“სამსახურიდან პენსიაზე რომ გავიდა, ემიგრაციაში წავიდა.

დიდხანს ვერ გაძლო, ალბათ 3 თვე გაჩერდა.

სამშობლო ისე უყვარდა, ვერ გაძლებდა ვერსად…

ერთი შვილი გვყავს და ჩვენი ცხოვრება მარის გარშემო ტრიალებდა.

თან, მე და გია პატარები ვიყავით, 19 წლის ასაკში დავქორწინდით, მარის გარშემო ვიცხოვრეთ მარტო.

ჩვენ სამნი ვიყავით სულ, მეტი არავინ ჩვენ გარშემო.

ჩვენი პატარა სამყარო გვქონდა, მაგრამ ახლა მარტო მე და მარი დავრჩით…

ჩვენი შვილი ამაყი უნდა იყოს მთელი ცხოვრება, რომ ასეთი მამა ჰყავდა.

მიგზავნიდა მესიჯებს, ნახე, პოლონეთის საზღვარზე ვარო…უკრაინაში უნდა წავიდე, ისე ვერ გავჩერდებოდიო. რომ ვკითხე, გია, რატომ მეთქი, ასე მიპასუხა: თქვენი გასაკეთებელიც მე უნდა გავაკეთო, რომ მერე ეს ყველაფერი ჩვენ არ შეგვეხოსო.

გია ნამდვილი პატრიოტი იყო… ფაქტობრივად, ერთად გავიზარდეთ, 19 წლიდან, 24-25 წელი ერთად ვიცხოვრეთ. რაც თავი მახსოვს სულ ასეთი მებრძოლი იყო. ყოველთვის პირველ ადგილზე ჰქონდა სამშობლო.

როგორ დავუშლიდი ომში წასვლას? მართლა გულანთებული იყო სამშობლოსთვის…“-აღნიშნა გია ბერიაშვილის მეუღლემ.

ცნობისთვის, გია ბერიაშვილი და დავით რატიანი 18 მარტს, კიევის ჩრდილო-დასავლეთით, ირპინის ფრონტზე დაიღუპნენ, როდესაც უკრაინის დედაქალაქს რუსეთის შეიარაღებული ძალების შემოჭრისგან იცავდნენ.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები