ნინო ჩხატარაშვილი ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიის საბედისწერო დღეს იხსენებს, რა დროსაც მამა დაკარგა.
ტელეკომპანია ფორმულასთან” ნინო ჩხატარაშვილმა კორპუსის ჩამონგრევის საქმეზე დაკავებულებზეც ისაუბრა.
“დამნაშავე არის სამი ადამიანი, რომლებიც დღეს თავს უდანაშაულოდ მიიჩნევენ, არანაირად არ აღიარებენ ამ ყველაფერს და უნდათ თავისუფლება, თუნდაც გირაოთი უნდათ გარეთ გამოსვლა. მე ყველაზე ნაკლებად მაქვს უფლება, თუნდა იმაზე დავიწყო საუბარი, რა როგორ უნდა იყოს, თუნდაც რამდენი წელი უნდა გაატარონ იქ.
მე და ჩემს სამეზობლოს, ვისაც ეს ტრაგედია შეგვეხო, ამით შვება არ გვექნება, მაგრამ ძალიან ცუდია იჯდე სასამართლოზე და ისმენდე, რომ ადამიანები, რომლის გამოც ცხოვრება დაგენგრა, თავს დამნაშავედ არ გრძნობდნენ.
რა თქმა უნდა, ეს არ იყო მათი ბრალი, მაგრამ ძალიან დიდი დრო იყო იმისთვის, რომ ადამიანურად მოქცეულიყვნენ და ყველა ხალხი გარეთ გამოეყვანათ.
თუნდაც, ის მუშა, რომელიც ჩემთან იყო ამოსული. ერთი სიტყვით ეს ყველაფერი ჩემთვის რომ ეთქვა, 15 წუთი საკმარისი იყო, რომ მეთქვა იმ ხალხისთვის.
5 წლის შემდეგ გამოვლენ და ჩვეულებრივ ცხოვრებას დაიწყენებენ. ეს მუხლებია, რომელთანაც ჩვენ უძლური ვართო, ასეთი პასუხი გაგვცეს. არ ვეთანხმები, რა თქმა უნდა, 5 წელი არაფერი არ არის”, – ამბობს ნინო ჩხატარაშვილი.
შეგახსენებთ, საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზო 8 ოქტომბერს ჩამოინგრა. შემთხვევას, 9 ადამიანი, მათ შორის, სამი ბავშვი ემსხვერპლა, გადარჩა ერთი ადამიანი. სამაშველო ოპერაცია 30 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.
9 ოქტომბერს კორპუსის ჩამონგრევის საქმეზე სამი ადამიანი დააკავეს. ერთ-ერთი ზაურ ბუდატოვია, რომელიც პირველ სართულზე მდებარე ბინის მესაკუთრეა. დანარჩენი ორი კი მის მიერ დაქირავებული მშენებლები.
პროკურატურის განცხადებით, ბრალდებულებმა მოშალეს მზიდი და არამზიდი კედლები, რითაც დაირღვა საცხოვრებელი კორპუსის სიმტკიცე და მდგრადობა და ნგრევა გამოიწვია.
ბათუმში დაანგრევენ 7-სართულიან კორპუსს, რომლის სადარბაზოც ჩამოინგრა – შენობა ეტაპობრივად დაიშლება
“ამხელა ცოდვას ვერავის ავკიდებ” – გია შომახია კორპუსის სადარბაზოს ჩამონგრევაზე