მომღერალი ლიზი გოზალიშვილი გადაცემა „შუადღე Live“- სტუმრობდა, სადაც საკუთარი წარმატების ისტორიაზე ისაუბრა.
როგორც ლიზი გოზალიშვილი აცხადებს, ამჟამად საკუთარ საავტორო სიმღერებზე მუშაობს და გერმანიაში სამუსიკო მეცნიერებების ფაკულტეტზე აგრძელებს სწავლას.
„გერმანიაში სწავლა ჩემი ოცნება იყო.. სკოლაში თავიდანვე ვსწავლობდი გერმანულ ენას. შემდეგ მოვიპოვე იქ სწავლის სტიპენდია და სასწავლებლად წავედი.
ახლა გერმანიაში სამუსიკო მეცნიერებების ფაკულტეტზე ვსწავლობ. ბავშვობიდან ვმღერი, მაგრამ ის გადაწყვეტილება, რომ ამ მიმართულებას გავყოლოდი, ადრეული ასაკიდან არ მოსულა. ცოტა გვიან და სპონტანურად მოვიდა.
თავიდან გერმანიაში სწავლის პარალელურად, არ მქონდა იმის საშუალება, რომ ინტენსიურად მემღერა და ბევრ რაღაცაში ცოტა უკან წამოვედი.. The Voice აღმოჩნდა ის ნაპერწკალი, რომელმაც დამაბრუნა კალაპოტში.
გერმანულ „ვოისს“ აქტიურად ვუყურებდი ბავშვობიდან და მონაწილეობის მიღების სურვილი ყოველთვის მქონდა.. თუმცა, ფიქრობდი, რომ არ გამოვიდოდა..
როდესაც გავიგე, რომ კონკურსის პირველ ეტაპზე მონაწილეობას მივიღებდი, მკითხეს რას ვიმღერებდი და შემდგომ მათაც მომცეს რეკომენდაცია. დავწერე ჩემი სურვილი, რომ Earth Song-ის შესრულება მინდოდა. თავადაც მითხრეს, რომ ეს შემესრულებინა. ჩაცმულობაზეც ანალოგიურად, ერთობლივი არჩევანით მივედით გამოსვლამდე.
დუეტის დროს ძალიან მნიშვნელოვანია ეწყობოდე იმ ადამიანს, ვისთან ერთადაც სიმღერას ასრულებ. როდესაც ჩემი მწვრთნელი სცენაზე ამოვიდა და ექსპრომტად დუეტი შევასრულეთ, ემოციური კავშირი ვიგრძენი და ეს ჩემთვის გადამწყვეტი იყო, რის გამოც ის ჩემს მენტორად ავირჩიე.
ამჟამად, ძალიან ინტენსიურად ვმუშაობ საკუთარ საავტორო სიმღერებზე. ძალიან მინდა რომ საზოგადოებას ამ კუთხითაც გავაცნო თავი. მინდა, რომ იყოს ქართულენოვანი სიმღერებიც, რაც ჩემთვის ყველაზე საპასუხისმგებლოა. სიმღერები ასევე იქნება გერმანულ და ინგლისურ ენაზეც“, – ამბობს ლიზი გოზალიშვილი.