LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: დააკავეს 4 ნარკორეალიზატორი, რომლებმაც დანაშაულებრივი სქემით 2 მილიონი ლარი მიიღეს

150
pjimage (1)

შსს-მ ნარკორეალიზატორთა ჯგუფი დააკავა, რომელთა მიერ დანაშაულებრივი სქემით მიღებულმა თანხამ 2020 წლის განმავლობაში ორ მილიონამდე ლარი შეადგინა.

უწყების ცნობით, ფონიჭალის დასახლებასა და გარდაბანში ორგანიზებული ჯგუფის 4 ნარკორეალიზატორი: 1976 წელს დაბადებული ფ.ბ., 1978 წელს დაბადებული დ.ჯ., 1982 წელს დაბადებული შ.ვ. და 1977 წელს დაბადებული ა.მ., დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ნარკოტიკების რეალიზაციის დანაშაულებრივი სქემა შეიმუშავეს, რომლის საშუალებითაც ფინანსურ რესურსებს ინტერნეტ ტოტალიზატორის გამოყენებით მართავდნენ.

“დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციას კი ე.წ. „დადების“ მეთოდით ახდენდნენ. კერძოდ, დ.ჯ. და ფ.ბ. დაინტერესებულ პირებს სატელეფონო კომუნიკაციის საშუალებით, გარკვეული თანხის სანაცვლოდ სთავაზობდნენ ნარკოტიკების შეძენას, აწვდიდნენ ონლაინ ტოტალიზატორის ანგარიშის ნომრებს, თანხებს არიცხვინებდნენ, ხოლო ამის შემდეგ აწვდიდნენ ლოკაციების მისამართებს, სადაც ორგანიზებული ჯგუფის ერთ-ერთი წევრის მიერ უკვე განთავსებული იყო ნარკოტიკული საშუალებები.

გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ მიმდინარე წლის მანძილზე, ონლაინ ტოტალიზატორის ანგარიშის გამოყენებით ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციის შედეგად მიღებულმა თანხამ ორ მილიონამდე ლარი შეადგინა.

სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელეს ბრალდებულებისგან ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის“ საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეოჩაწერა.

პოლიციამ, დაკავებულების საცხოვრებელი სახლების და ავტომანქანის ჩხრეკისას, ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“, დიდი ოდენობით თანხა, ასევე, მათი კუთვნილი მობილური ტელეფონები და საბანკო ბარათები ნივთმტკიცებად ამოიღო.

წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ფაქტებზე გამოძიება სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მე-5 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-6 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს,”- აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.