“ერთმნიშვნელოვნად ვგმობთ უკანონო სასამართლოს მიერ ზაზა გახელაძის მიმართ გამოტანილ განაჩენს, რომელსაც არანაირი სამართლებრივი საფუძველი გააჩნია.” – შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული ზაზა გახელაძისთვის უკანონოდ თავისუფლების აღკვეთის ფაქტს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ ყველა რესურსის გამოყენებით, გრძელდება ინტენსიური მუშაობა, რათა უკანონოდ დაკავებული ქვეყნის თითოეული მოქალაქე დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს.
12 წელი და 6 თვე: უკუპირებული ცხინვალის სასამართლომ ზაზა გახელაძეს განაჩენი გამოუტანა
თეა ახვლედიანის განცხადებას უწყების პრესსამსახური ავრცელებს.
მინისტრი აღნიშნავს, რომ უკანონო დაკავებები ხელისუფლების უმწვავეს გამოწვევას წარმოადგენს და ის 2008 წლის ოკუპაციის მძიმე შედეგია:
“განსაკუთრებით იმის ფონზე, რომ ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს იანვრის გადაწყვეტილებით, რუსეთს, როგორც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეფექტური კონტროლის განმახორციელებელ ძალას, ცალსახად ეკისრება სრული პასუხისმგებლობა ადგილზე ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევებთან დაკავშირებით.
უკანონო დაკავებები ჩვენი ხელისუფლების უმწვავეს გამოწვევას წარმოადგენს, რაც 2008 წლის ოკუპაციის მძიმე შედეგია.
ჩვენ ყველა შიდა და საერთაშორისო რესურსის გამოყენებით ვაგრძელებთ ინტენსიურ მუშაობას, რათა უკანონოდ დაკავებული ყოველი ჩვენი მოქალაქე დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს.
ბოლო პერიოდის განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში ჟენევის თანათავმჯდომარეებთან და სხვა საერთაშორისო პარტნიორებთან ვმუშაობთ ამ და სამშვიდობო პროცესთან დაკავშირებული თემატიკის სრულ სპექტრზე და ცენტრალური ხელისუფლების, ისევე როგორც საერთაშორისო პარტნიორების ერთობლივი ძალისხმევით ვაკეთებთ ყველაფერს, რათა ყოველი ჩვენი უკანონოდ დაკავებული მოქალაქე დაუყოვნებლივ დაუბრუნდეს საკუთარ ოჯახს”. – განაცხადა თეა ახვლედიანმა.