გაეროში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი კახა იმნაძე რუსეთს უკრაინიდან და საქართველოდან შეიარაღებული ძალების გაყვანისკენ მოუწოდებს.
ამის შესახებ იმნაძემ უშიშროების საბჭოს ღია დებატებზე სიტყვით გამოსვლის დროს ისაუბრა. მისივე თქმით, გმობენ რუსეთის აგრესიას და ჰუმანიტარული დერეფნების გახსნის დროს პირობის დარღვევას, რასაც სამოქალაქო პირები, მათ შორის ბავშვები ეწირებიან:
“დღეს, როგორც არასდროს, ქალებს სჭირდებათ მშვიდობა, რადგან უკრაინის ომში ქალები და ბავშვები ყველა დაუცველები არიან.
სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, სკოლებზე, ბაღებსა და საავადმყოფოზე საზარელი თავდასხმების შედეგია, რომ ბავშვები და ქალები იღუპებიან. 2 მილიონი უკრაინელი უკვე ლტოლვილია და ევროპის აღმოსავლეთ ქვეყნებში აფარებენ თავს. მათი უმეტესობა ქალები და ბავშვები არიან.
ჩვენ ვგმობთ რუსეთის აგრესიას და ჰუმანიტარული დერეფნების გახსნის დროს პირობის დარღვევას, რასაც სამოქალაქო პირები, მათ შორის, ბავშვები ეწირებიან. ეს არის ადამიანის უფლებების საერთაშორისო ნორმების უხეში დარღვევა.
ადამიანის უფლებების ყველა საერთაშორისო მექანიზმმა უნდა უზრუნველყოს უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების უსაფრთხოება.
რუსეთის მხრიდან ოკუპაცია, სამწუხაროდ, საქართველოში ახლაც გრძელდება. ფაქტია, რომ ახლა უკრაინაში ვხედავთ იმას, რაც ჩვენმა ქვეყანამ წლების წინ გადაიტანა. 2008 წელს, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიუხედავად, რომელშიც საერთაშორისო საზოგადოება მონაწილეობდა, რუსეთი აგრძელებს უკანონო პროვოკაციებსა და მცოცავ ოკუპაციას. ამის ფონზე, სამოქალაქო პირების, მათ შორის ქალებისა და ბავშვების უფლებები ისევ დაუცველია”, – განაცხადა კახა იმნაძემ.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: