“ქართული ოცნების” წევრი, პარლამენტის ვიცე-სპიკერი, დავით სერგეენკო ფიქრობს, რომ უახლოეს დღეებში, როგორ მმართველი გუნდის, ისე ოპოზიციის მხრიდან შეთანხმების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებები უნდა ვიხილოთ.
როგორც დავით სერგეენკომ ჟურნალისტებთან განაცხადა, ეს გადაწყვეტილება არა პარტიული, არამედ ქვეყნის ინტერესებისკენ უნდა იყოს მიმართული.
მისივე თქმით, ის, რომ დღეისათვის ოპოზიცია პარლამენტში არ შედის, ეს უფრო „პოლიტიკური რევერანსებია” მათი მხრიდან, რადგან საერთაშორისო პარტნიორების მოწოდება პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით ცალსახაა.
„საკმარისი დრო გავიდა უკვე ევროკავშირის წარმომადგენლის შემოთავაზების შემდეგ და მე ვფიქრობ, რომ უახლოეს დღეებში უნდა ვიხილოთ საბოლოო გადაწყვეტილებები, როგორც პოზიციის, ასევე, ოპოზიციის მხრიდან. მე მართლაც მწამს, გულის სიღრმეში მჯერა და ჩემი დაკვირვებაც ეს არის, რომ ეს გადაწყვეტილება უნდა იყოს მართლაც, ქვეყნის ინტერესებისკენ მიმართული და არა პარტიული ინტერესებისკენ. ტენდენცია უნდა იყოს, რომ რაც შეიძლება მეტი ოპოზიციის წარმომადგენელი იყოს პარლამენტში,“– განაცხადა დავით სერგეენკომ.