LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვეტერანთა პირველი სოფელი „გეორგია“ გარდაბნის რაიონში აშენდება

113

გარდაბნის რაიონი პირველი ადგილი იქნება, სადაც ვეტერანთა სოფელი აშენდება. საკითხზე ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური მუშაობს, რომელიც საზღვრისპირა სოფლებში ვეტერნათა დასახლებების შექმნას ისრაელის მაგალითზე აპირებს.

როგორც ”ფორტუნას” ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის უფროსმა ირაკლი შიხიაშვილმა განუცხადა, ამ დროისთვის შერჩევის პროცესი მიმდინარეობს, რომელსაც ისრაელიდან ჩამოსული სპეციალისტები ატარებენ. ისინი ვეტერანების შერჩევის კრიტერიუმებს განსაზღვრავენ, მათ ტრენინგებს ჩაუტარებენ და პროექტის მიმდინარეობას მონიტორინგს გაუწევენ.

მისი ინფორმაციით, გარდაბნის ვეტერანთა სოფლისთვის 75 მლნ დოლარამდე თანხა დაიხარჯება.

”ვმუშაობთ სოფლის საპილოტე ვარიანტზე, გარდაბნის რაიონში ყოფილ ”პობედას” ტერიტორიაზე, სადაც თავის დროზე საბჭოთა კოლმეურნეობა იყო. შემდგომში ვგეგმავთ, რომ ასეთი დასახლებები გაჩნდეს საქართველოს ყველა საზღვართან. 28 ათასამდე ვეტერანთა ოჯახი თანახმაა მონაწილეობა მიიღოს ამ პროექტში. ისინი არამარტო ანაზღაურებას მიიღებენ, არამედ დივიდენდებსაც. ეს იქნება კოოპერატივის პრინციპით საქმიანობა და გადახდის შემდეგ დარჩენილი  შემოსავალი  მათი იქნება. ვალის დაბრუნების შემდეგ, რაღაც თანხა მოემსახურება გადასახადებს, რეინვესტიციას, განვითარებას, დარჩენილ თანხას თითოეული ოჯახი გაინაწილებს დივიდენდის სახით,” – განაცხადა ირაკლი შიხიაშვილმა.

საპილოტე ვარიანტის მიხედვით, ვეტერანთა სოფელში 550-მდე ოჯახი დასახლდება. სოფელი 1400 ჰექტრის ტერიტორიაზე განთავსდება, რომელიც სასოფლო-სამეურნეო სავარგულებსაც მოიცავს. თუმცა, როგორც ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში აცხადებენ, მიწა სახელმწიფოს საკუთრებაში დარჩება და სოფელს გრძელვადიანი იჯარით გადაეცემა.

მათივე ინფორმაციით, სოფელში უახლესი ირიგაციის სისტემები, რძის გადამამუშავებელი საწარმო, სკოლა, ბაღი, კინოთეატრი, საავადმყოფო, სპორტული მოედნები და მზის ენერგიაზე მომუშავე სისტემები დამონტაჟდება.

”მნიშვნელოვანია ის, რომ საზღვრისპირა რეგიონებში მიწები არ გასხვისდეს. სტრატეგიულად მნიშვნელოვანია ეს ქვეყნისთვის. ასევე, დემოგრაფიული კუთხით. საზღვრისპირა რეგიონებში ძალიან მწირია მოსახლეობის რაოდენობა სოციალური პრობლემებიდან გამომდინარე,” – აღნიშნა შიხიაშვილმა.

ახლად შექმნილ სოფელს სიმბოლურად გეორგია დაერქმევა. პროექტი 2-წლიანია და საცხოვრეებლი სახლების მშენებლობა-რეკონსტრუქციას და სასოფლო-სამეურნეო სავარგულების მომზადებს ითვალისწინებს.

როგორც ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში აცხადებენ, მთავრობა მსგავსი ტიპის 25 სოფლის აშენებას გეგმავს, რომელიც საქართველოს საზღვრის ყველა მიმართულებას მოიცავს.

ამ დროისთვის საქართველოში სულ 73 ათასამდე ვეტერანთა ოჯახი ცხოვრობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები