„დღეს თუ ხვალ უნდა მოხდეს ფრენების აღდგენა. ამას მსოფლიო შეეგუა და ჩვენ მაინც მოგვიწევს ამ მოცემულობაში ცხოვრება“,- ამის შესახებ ტრანსპორტის საკითხებზე მომუშავე პლატფორმის HUB Georgia-ს დამფუძნებელმა გიორგი კოდუამ „ფორტუნას“ ეთერში განაცხადა.
ფრენების აღდგენის აუცილებლობაზე საუბრისას მან განმარტა, რომ თუ ქვეყანა უარს იტყვის მობილობაზე, ეს ეკონომიკას ცუდ შედეგს მოუტანს.
„რაც უფრო მეტად მალე გავიაზრებთ და მკაცრად დავექვემდებარებით რეგულაციებს, გადავარჩენთ ეკონომიკას. რომ დავიკეტოთ და უარი ვთქვათ მობილობაზე ეს ცუდ შედეგს მოგვიტანს. არ დაგვავიწყდეს, რომ პატარა ქვეყანა ვართ. იმპორტ-ექსპორტის ბალანსი დარღვეულია. ეს უნდა აღდგეს.
ვერანაირი არგუმენტი ვერ გაამყარებს იმას, რომ არ აღდგეს ფრენები იმიტომ, რომ გვეშინია.
ჩვენ გვაქვს პირდაპირი კონტაქტი კომპანია „ერბასთან“, რომელიც თვეში ერთხელ გვიგზავნის რეგულაციებს, სადაც აღნიშნულია შესაბამისი სტანდარტები უსაფრთხოების თვალსაზრისით.
ეს ყველაფერი რეგულირებადია. მთავარია ჩვენ ამას დავექვემდებაროთ, გავხსნათ გზა და ვიცხოვროთ ამ სიტუაციაში არსებული რეალობიდან გამომდინარე“,- განაცხადა გიორგი კოდუამ.
რა ღირს „პისიარ“ ტესტი, რომლის გაკეთებაც საქართველოში ჩამოსული ყველა მგზავრისთვის სავალდებულოა
შეგახსენებთ, დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიები საქართველოში ბრუნდებიან – როგორც ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა ამბობს, რამდენიმე კვირაში Wizz Air და Ryanair საქართველოს მიმართულებით ფრენებს განაახლებენ.
ნათია თურნავას თქმით, რეგულარული ავიარეისები რამდენიმე თვეში ეტაპობრივად აღდგება.
გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა, რომ 1-ლი ოქტომბრიდან WizzAir-ი ქუთაისი-რიგის რეისებს აღადგენს. მისივე ინფორმაციით, თავდაპირველად რეისი კვირაში ერთხელ შესრულდება.
ისინი კარანტინს არ გაივლიან: 5 ქვეყანას საქართველომ საზღვარი გაუხსნა
გიორგი გახარიას თქმით, საქართველოს საჰაერო სივრცის ეტაპობრივი გახსნა ეპიდ. ვითარების და ეკონომიკური ინტერესებიდან გამომდინარე გაგრძელდება.