გიორგი კვირიკაშვილი იყო მესამე პრემიერმინისტრი ჩემს გამოცდილებაში, რომელიც წავიდა და ის ყველაზე კომფორტული სამუშაო უმაღლესი თანამდებობის პირი იყო, ნათლად განსაზღვრული და გასაგები ხედვით იმისა, რა მიმართულებითაც ავითარებდა ქვეყანას – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ბათუმში, ფორუმზე „საქართველოს ევროპული გზა“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, საზოგადოებისთვის გაჩნდა კითხვები, თუ რატომ წავიდა პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან.
„ვერ ვიტყვი, რომ საქართველოში ეკონომიკა და მოქალაქეების კეთილდღეობა უმაღლეს დონეზეა, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ წარუმატებელი იყო გიორგი კვირიკაშვილის საქმიანობა,“ – განაცხადა მარეგველაშვილმა.
მისივე თქმით, საზოგადოებისთვის გასაგები უნდა იყოს, რატომ მიდიან წარმატებული პრემიერ-მინისტრები და რა პრინციპით და კრიტერიუმებით შეირჩევიან ახლები.
„სრულიად გაუგებარია, როცა ქვეყანაში მიმდინარე მნიშვნელოვან პოლიტიკურ პროცესებზე არ ხდება კომენტირება, იმ მთავარ პრობლემაზე, რის გამოც საზოგადოება აქტიურად აპროტესტებს ქვეყნის პოლიტიკას, რომელიც ეხება სწორედ მართლმსაჯულების საკითხებს. საზოგადოება დაახლოებით ერთი თვეა ძალიან აქტიურად აფიქსირებს თავის პოზიციას სამართლიანობასთან და მართლმსაჯულებასთან მიმართებაში. რაც ჩვენ გვეძლევა ახალი ვერსია, რომ „იუნისფ“-ის კვლევიდან გამომდინარე, კვირიკაშვილს ვერ აუგია ეკონომიკური პოლიტიკა და ამის გამო, მიდის პრემიერ-მინისტრი, რომელიც შეიძლება სწორედ ამ მიმართულებით დახასიათდეს, როგორც პრინციპული ნაბიჯების გადამდგმელი, მიდის თანამდებობიდან.
ყოველივე ეს და მათ შორის გუშინდელი გადადგომის მოხსენება სწორედაც რომ ჩვენი ევროპული და გამჭვირვალე, საზოგადოებისთვის გასაგები პოლიტიკის შემადგენელი ნაწილი უნდა გახდეს,“ – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.