ქალთა მიმართ ძალადობა უკვე გადაუჭრელ პრობლემად იქცა. 2020 წელი მხოლოდ ახლა დაიწყო და ოჯახური ძალადობის პირობებში უკვე სამი ქალია მოკლული, ამასთან, სამი მკვლელობის მცდელობაც დაფიქსირდა.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში საინტერესო პოსტი ვრცელდება. ავტორი “რადიო თავისუფლების” ჟურნალისტი ნინო თარხნიშვილია.
როგორც ჩანს, ეს ჩანაწერი 5 წლის წინანდელია, აქტუალობას კი დღესაც არ კარგავს.
“ოდა მკვდარი გოგოების დედებს
(მათ, ვინც არ (ვერ) დაუდგნენ გოგოებს გვერდში)
მე მაპატიეთ დედებო, რომლებიც ახლა მკვდარ გოგოებს დასტირით, იმიტომ, რომ თქვენი ბრალია:
იმიტომ, რომ როცა შვილი მოგტაცეს, მასთან დატოვეთ, ხალხი რას იტყვისო.
იმიტომ, რომ როცა ქმარი აგინებდა და შვილი შემოგჩიოდათ, პასუხობდით, მამაშენიც ეგრე არ იყოო?
იმიტომ, რომ როცა ქმარი სცემდა და გოგო თქვენთან გამორბოდა, უკან უშვებდით, ოჯახს ნუ დაანგრევ, მეზობლები რას იტყვიანო.
იმიტომ, რომ გოგო რომ გაათხოვეთ, სახლი ბიჭს დაუტოვეთ, წესია ასეთიო…
გოგოს კი ყველა გზა მოუჭერით, უკან მოსაბრუნებელი.
მე მაპატიეთ თავწაკრულო დედებო, მაგრამ ვერ გიძებნით გამართლებას, ახლა რომ დგახართ და კამერების წინ იხოკავთ სახეს.
არ მეცოდებით, იმიტომ, რომ არ დაუდექით გოგოებს გვერდით,
როცა ისინი შველას გთხოვდნენ, უკან უშვებდით, ნათესაობა რას იტყვისო.
მე 55 კგ. ვარ. მაგრამ ვიქცევი 100 ტონა მეწყრად, თუკი ვინმე შეეცდება ჩემი გოგოს დაჩაგვრას.
მე 55 კგ ძვალი, ხორცი და სისხლი ვარ, მაგრამ ვიქცევი 55 კგ ტროტილად, თუკი ვინმე ჩემ გოგოს ატირებს.
ვერ ვისწავლეთ დედებმა გოგოების დაცვა, ჯერ მამებისგან, მერე ძმებისგან, ბოლოს ქმრებისგან, გოგოების ნამუსს ვუფრთხილდებით, არა?
მე მაპატიეთ მოტირალო დედებო, მაგრამ ვერ გაგამართლებთ.
როცა თქვენი გოგო წაიქცეოდა ბავშვობისას, მუხლს გაიტეხდა, ტირილით მოგადგებოდათ, განა თქვენ ისევ იმ ადგილას მიგყავდათ, ხელს კრავდით და მეორე მუხლსაც უტეხდით? ხო წმენდდით სისხლს, ჭრილობას უხვევდით, მუხლზე კოცნიდით, რომ მორჩენოდა.
და რა მოხდა მერე, რა შეიცვალა? ქმრისგან გახეთქილ ტუჩს თვითონ მოუვლის, არა? ეგ ადვილია.
მე მაპატიეთ დედებო, ახლა რომ დასტირით თქვენს ლამაზ, მაგრამ მკვდარ გოგოებს, ზოგი რომ თოკზე კონწიალობს, ზოგს რომ შუბლი აქვს გახვრეტილი, ზოგს რომ ყელი აქვს გამოჭრილი, ზოგს რომ ცეცხლი უკიდია და მარტო ვერ აქრობს.
მე მაპატიეთ, მაგრამ ვერ შეგიცოდებთ.
იმათ სიკვდილში, თქვენც ურევიხართ.”