LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვენეციის კომისიის რეკომენდაცია გადასახედია თავად კომისიის მიერ – რეკომენდაციასაც კი ვერ ვუწოდებთ: გია ვოლსკი

62
ვოლსკი 33

ვენეციის კომისიის მიერ ე.წ. მოსმენების კანონთან დაკავშირებით „გადაუდებელ მოსაზრების” გამოქვეყნებას, რომლის თანახმადაც „კანონპროექტი ნაჩქარევად იქნა მიღებული და გადახედვას საჭიროებს“, პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი ეხმიანება და აცხადებს, რომ „ვენეციის კომისიის რეკომენდაცია თავად კომისიის მიერ არის გადასახედი“. მისივე განცხადებით, „დოკუმენტს რეკომენდაციასაც კი ვერ უწოდებს, რადგან რაიმე არსებითს არ ითვალისწინებს“.

„კანონპროექტი ნაჩქარევად იქნა მიღებული და გადახედვას საჭიროებს“ – რა წერია ვენეციის კომისიის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში

„ვენეციის კომისიის რეკომენდაცია ცოტა უცნაური ფორმით არის გამოქვეყნებული „ტვიტერზე“ და დანართში მითითებული აქვს სასამართლოს აბსოლუტურად სხვა კანონი, რომელზეც ჯერ კიდევ მიმდინარე წლის ივნისში გვქონდა საუბარი და რომელზეც პრინციპული შენიშვნები არ გვქონია. ერთი შენიშვნა გვქონდა, რომელიც თავისივე მოცემულ რეკომენდაციას ეწინააღმდეგებოდა. არ მინდა სიტყვა არაკომპეტენტურობა ვიხმარო. შეიძლება ტექნიკური შეცდომაა, მაგრამ ფაქტია, რომ „ტვიტერში“ კომენტარის მომზადების დროს მისმა ავტორმა არ გაითვალისწინა ის რეალობა, რომელიც არსებობს. როგორ შეიძლება, კანონზე, რომელიც თვეების განმავლობაში განიხილებოდა, თქვა, რომ დაჩქარებული წესითაა მიღებული?!

რაც შეეხება კანონს მოსმენებთან დაკავშირებით, რომელზეც ამბობენ ნაჩქარევად მიღებული კანონიაო, სამართლებრივად არანაირი შენიშვნა არ არის [მოცემული], თუმცა, ყველამ იცის, რომ ეს კანონი მარტიდან არის დამუშავებაში და 7 ივნისს იყო მესამე მოსმენით წარმოდგენილი. მას დაჩქარებულის არაფერი ეტყობა, მითუმეტეს, რომ სამართლებრივი შენიშვნები არც ჩვენს ოპონენტებს და არც საექსპერტო ჯგუფებს და არასამთავრობო ორგანიზაციებს, არც პრეზიდენტს, რომელმაც ამ კანონს ვეტო დაადო, არ ჰქონია. ვფიქრობ, ვენეციის კომისიის ეს რეკომენდაცია გადასახედია თავად ვენეციის კომისიის მიერ და საზოგადოებისთვის მეტი ინფორმაციაა მისაწოდებელი. ვფიქრობ, დავძლევთ ვეტოს და კანონი იქნება მიღებული, რომელიც ყველა სტანდარტს შეესაბამება. ვენეციის კომისიის რეკომენდაცია, რომელსაც რეკომენდაციასაც კი ვერ ვუწოდებთ, რაიმე არსებითს საერთოდ არ ითვალისწინებს“, – განაცხადა ვოლსკიმ და დასძინა: „სასწრაფოდ უნდა მივიღოთ ისეთი ზომები, რომელიც ჩვენ მცირე რესურსების მქონე ქვეყანას გადაარჩენს იმ ტურბულენტურ სიტუაციაში, რომელიც ჩვენს რეგიონში, ჩვენს გარშემო და მსოფლიოში შეიქმნა“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები