პარლამენტში პლენარული სხდომა, სადაც მესამე მოსმენით “საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებები უნდა განეხილათ, გადაიდო. სხდომათა დარბაზიდან უმრავლესობის წევრებმა კინოდარბაზში გადაინაცვლეს, სადაც ვენეციის კომისიის რეკომენდაციებზე მსჯელობენ.
- გაუქმდეს მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდა, როგორც სავალდებულო კრიტერიუმი უზენაესი მოსამართლეების შერჩევისთვის
- იუსტიციის საბჭომ დაასაბუთოს გადაწყვეტილებები და არ მიიღოს ფარული კენჭისყრით. შესაძლებელი იყოს გადაწყვეტილების გასაჩივრება.
- ინტერესთა კონფლიქტის აცილების მიზნით, საბჭოს წევრი, რომელიც თავად მონაწილეობს მოსამართლის შესარჩევ კონკურსში სრულად უნდა გამოეთიშოს შერჩევის პროცესს;
- პარლამენტმა ამ ეტაპზე უნდა დანიშნოს მხოლოდ მინიმუმი საჭირო რაოდენობის მოსამართლეების, დანარჩენი უნდა დაინიშნოს შემდეგი მოწვევის პარლამენტისმხრიდან.
ასეთია ვენეციის კომისიის ძირითადი რეკომენდაციები, რომელიც საქართველოს პარლამენტს “საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით წარედგინა. ამავეს მოითხოვდა ოპოზიციაც.
დავით უსუფაშვილი: „ვენეციის კომისია დასკვნაში მოსამართლეების დანიშვნასთან დაკავშირებით 14 გვერდზე 14-ჯერ ადასტურებს, რომ იმეორებს ხელისუფლების კრიტიკოსთა წუხილებსა და შენიშვნებს და მისი დასკვნა გაჟღენთილია ამ სულისკვეთებით.”
ხელისუფლების კრიტიკოსები მხოლოდ ოპოზიციური პარტიები არ ყოფილან, სასამართლოში არსებულ მდგომარეობას მწვავედ აკრიტიკებდა არასამთავრობო სექტორიც, შენიშვნები კი ვენეციის კომისიის ძირითად რეკომენდაციებს ემთხვევა.
ეკა გიგაური: “აუცილებლად ვენეციის კომისიას უნდა ეთქვა ის, რაზეც ჩვენ ამდენი ხნის განმავლობაში ვლაპარაკობდით? რამდენი გვლანძღეს და როგორი აგრესიულები იყვნენ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში. მაშინ როცა აქაც არიან ადამიანები, ვინც სწორ რეკომენდაციას მოგცემს, აუცილებლად უცხოელმა ექსპერტმა უნდა გითხრას რომ არასწორად აკეთებ? რა სამწუხაროა ასე რომ ვითარდება ხოლმე დისკუსია.”
კერძოდ, არასამთავრობო ორგანიზაციების პოზიცია იყო, რომ უზენაესი სასამართლო ღია იყოს არამოსამართლე პირებისთვის და მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდა, როგორც სავალდებულო კრიტერიუმი, უნდა გაუქმდეს.
სამოქალაქო სექტორი მიუთითებდა ინტერესთა კონფლიქტზეც, რადგან კანონპროექტით იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს უფლება აქვს, იყოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი და მონაწილეობა მიიღოს კონკურსში. მართალია, მას საკუთარი თავის სასარგებლოდ ხმის მიცემის უფლება არ ექნება, მაგრამ შეუძლია, მონაწილეობა მიიღოს სხვა კონკურენტების ხმის მიცემის პროცესში, მონაწილეობა მიიღოს შეფასების პროცესში და ამასთანავე, ჩაატაროს გასაუბრებები. არასამთავრობო სექტორი დაუშვებლად მიიჩნევდა, რომ საბჭოს წევრი ერთდროულად იყოს გადაწყვეტილების მიმღები და კანდიდატი.
ვენეციის კომისიის დასკვნის გასაჯაროების შემდეგ, ვიდრე პარლამენტის თავმჯდომარე რეკომენდაციებთან დაკავშირებით განცხადებას გააკეთებდა, არასამთავრობო სექტორის ნაწილს ასეთი მოლოდინიც ჰქონდა:
გიორგი მშვენიერაძე: “დაიდო ვენეციის კომისიის დასკვნა და ახლა სულმოუთქმელად ველოდები, როგორ გამოაცხადებს ხელისუფლება ვენეციის კომისიას ნაციონალების კომისიად.
> საკვალიფიკაციო გამოცდას – არაო;
> საბჭოს წევრი, რომელიც თავად მონაწილეობს მოსამართლის შესარჩევ კონკურსში ინტერესთა კონფლიქტის გამო სრულად უნდა გამოეთიშოს შერჩევის პროცესსო;
> კენჭისყრები ფარულად არ უნდა ჩატარდეს და კანდიდატები ინდივიდუალურად უნდა შეფასდნენ ქულებითო;
> საბჭოს გადაწყვეტილება კანდიდატის წარდგენაზე უნდა იყოს დასაბუთებულიო.
ამას ვამტკიცებთ ამდენი ხანია. ახლა უკვე ვენეციის კომისიამაც იმავეს ამტკიცებს.”
რას ამბობდა ირაკლი კობახიძე NGO-ებზე, რომელსაც ვენეციის კომისიის მსგავსი რეკომენდაციები ჰქონდათ
მართალია გიორგი მშვენიერაძის პოსტი ნახევრად ხუმრობით არის დაწერილი, თუმცა, მსგავსი განცხადების გაკეთების საფუძველს თავად პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებები იძლევა, რომელიც ძირითადად, NGO-ების მხრიდან სასამართლო სისტემის კრიტიკას მოჰყვებოდა. ირაკლი კობახიძე არასამთავრობო ორგანიზაციების და ნაციონალური მოძრაობის კავშირზე საუბრობდა. მეტიც, კორუფციასთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციების კრიტიკას პარლამენტის თავმჯდომარემ უტიფრობა უწოდა. „არასამთავრობო ორგანიზაციებს ხშირად გაუკეთებიათ განცხადება, რომ სასამართლოში თურმე 2012 წლამდე იყო უკეთესი ვითარება, ვიდრე არის დღეს. ეს არის ელემენტარულად, უტიფრობა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ და კიდევ ერთხელ დააკავშირა ისინი „ნაციონალურ მოძრაობასთან“ – „ისინი კომიკურ ჩანაწერებს უწოდებენ იმას, რომ თურმე კორუფციის პრობლემაა ქვეყანაში, მტკიცებულების გარეშე – არასამთავრობო ორგანიზაცია ხარ, „ნაცმოძრაობა“ ხომ არ ხარ, პოლიტიკური პარტია ხომ არ ხარ მართლა, ფორმალურად მაინც“.
რატომ დააჩქარა მმართველმა პარტიამ საკომიტეტო მოსმენა
იურისიტი გიორგი ბერაია სოციალურ ქსელში წერს, რომ ვენეციის კომისია ოფიციალურ გამოქვეყნებამდე უგზავნის დასკვნას ოფიციალურ ორგანოებს, შესაბამისად, დასკვნას გუშინვე იცნობდა პარლამენტი.
“როგორც ჩანს, სწორედ ამიტომ სასწრაფოდ ჩაატარეს მეორე საკომიტეტო მოსმენა გუშინ, რათა დასკვნის ოფიციალურ გამოქვეყნებამდე მოესწროთ მისი მიღება”, – წერს ბერაია სოციალურ ქსელში.
ამავე აზრს იზიარებს ორგანიზაცია “სამართლიანი არჩევნების” აღმასრულებელი დირექტორი მიხეილ ბენიძეც.
“საერთო ჯამში, არის ძალიან სერიოზული დოკუმენტი, სადაც საკმაოდ კრიტიკული მოსაზრებები არის დაფიქსირებული უზენაესი სასამართლოს დაკომპლექტებასთან დაკავშირებით “ქართული ოცნების” კანონპროექტზე. ეს ხსნის, თუ რატომ დააჩქარა მმართველმა პარტიამ საკომიტეტო მოსმენა და რატომ არ დაელოდა ვენეციის კომისიის დასკვნას”, – აღნიშნავს ბენიძე.
ვენეციის კომისიის რომელი რეკომენდაციები შეიძლება გაითვალისწინოს მმართველმა გუნდმა
მას შემდეგ, რაც ვენეციის კომისიის რეკომენდაციები გასაჯაროვდა და ბევრი მათგანი NGO-ების მოსაზრებებს დაემთხვა, მმართველ გუნდში გარკვეულ დათმობაზე წასვლის საჭიროება დაინახეს და პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ წარმოდგენილი რეკომენდაციების უდიდესი ნაწილის გაზიარება შესაძლებელია. თუმცა, ასეთი ირაკლი კობახიძემ ამ დრომდე სულ ორი დაასახელა და ისიც აღიარა, რომ სწორედ ამას მოითხოვდა მათგან ოპოზიციაც – გამოცდების გაუქმება და კონკურსში მონაწილე იუსტიციის საბჭოს წევრების კონკურსის პროცესისგან გამოთიშვა. თუმცა, პარლამენტის თავმჯდომარე დარწმუნებული არაა, რომ გუნდის წევრებს ამ რეკომენდაციების გაზიარების საჭიროებაში დაარწმუნებს, რომლის განხორციელების აუცილებლობის, როგორც თავად ამბობს, „ბოლომდე არც თვითონ სჯერა“. ამასთან, უკვე ცნობილია ისიც, რომ ამ რეკომენდაციის გაზიარების წინააღმდეგია იუსტიციის საბჭოც და ამის შესახებ მოსაზრება საბჭოს მდივანმა, გიორგი მიქაუტაძემ პარლამენტში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ ღიად დააფიქსირა.
„სამართლიანი არჩევნების“ აღმასრულებელი დირექტორი მიხეილ ბენიძე ამბობს, რომ მნიშვნელოვანია პარლამენტმა სრულად გაიზიაროს ის რეკომენდაციები, რომელიც ვენეციის კომისიის დასკვნაში მოცემული.
„ვენეციის კომისია პრაქტიკულად იმავე შენიშვნებს გამოთქვამს, რაც ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს და ექსპერტულ წრეებს ჰქონდათ და სამწუხაროა, რომ ამ საკითხების გათვალისწინება აქამდე ვერ მოხერხდა და მაინცდამაინც ვენეციის კომისიამ უნდა გვითხრას შენივნები, რომ ისინი ასახოს პარლამენტმა. თუმცა, მეორე საკითხია ის რამდენად სრულყოფილად ასახავს ვენეციის კომისიის შენიშვნებს პარლამენტი, იმიტომ რომ ის საკითხები, რაც თქვენ ჩამოთვალეთ (საკითხები, რომელზეც ირაკლი კობახიძემ ისაუბრა, რომ შეიძლება გაითვალისწინონ), არასაკმარისია.
ვენეციის კომისია ასევე საუბრობს სხვა მნიშნელოვან საკითხებზე, მაგალითად ხმის მიცემის ფარულობაზე და მიუთითებს, რომ კენჭისყრა უნდა იყოს ღია და უნდა შეიძლებოდეს გასაჩივრება. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რეკომენდცია კანდიდატების შესახებ ინფორმაციის საჯაროობა.
ფაქტია, რომ ის, რაზეც მიუთითებს ვენეციის კომისია ის რეკომენდაციებს გასცემს სწორედ სამართლებრივი ლოგიკის, საკონსტიტუციო სამართლის და ევროპული პრაქტიკიდან გამომდინარე, ამიტომ არ ვიცი, როგორ შეიძლება ამ რეკომენდაციების ნაწილი დავიწუნოთ, ეს ცოტა არასერიოზულია“, – ამბობს მიხეილ ბენიძე.
თუმცა, იმაზე, რაც მიხეილ ბენიძისთვის არასერიოზულად ჟღერს, სრული სერიოზულობით საუბრობს პარლამენტის თავმჯდომარე, რომელიც ამბობს, რომ გაიზიარებენ იმ რეკომენდაციებს, რომელიც სამართლის და კონსტიტუციურ ლოგიკასთან არის შესაბამისობაში. კობახიძის ამ განცხადებას მოჰყვა შეკითხვაც, არის თუ არა რომელიმე რეკომენდაცია ვენეციის კომისიის, რომელზეც ფიქრობს, რომ არ არის კონსტიტუციურ ლოგიკასთან შესაბამისობაში, კობახიძემ განაცხადა, რომ ასეთი რეკომენდაციები არის და ერთ-ერთ მაგალითად იუსტიციის საბჭოს გადაწყვეტილების გასაჩივრება დაასახელა.
ამასთან, უკვე ცნობილია ისიც, რომ მმართველი გუნდი ორგანულ კანონში არ ასახავს ვენეციის კომისიის ერთ-ერთ მთავარ რეკომენდაციასაც, რომელიც ამბობს, რომ პარლამენტმა ამ ეტაპზე უნდა დანიშნოს მხოლოდ მინიმუმი საჭირო რაოდენობის მოსამართლეები, დანარჩენი კი უნდა დაინიშნოს შემდეგი მოწვევის პარლამენტის მხრიდან. ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ რეკომენდაცია პოლიტიკური ხასიათისაა და ის ორგანულ კანონში ასახული ვერ იქნება, თუმცა, პარლამენტს შეუძლია მიიღოს ან არ მიიღოს შესაბამისი პოლიტიკური გადაწყვეტილება.
მიხეილ ბენიძე ამბობს, რომ ეს რეკომენდაცია არ არის ის საკითხი, რომელიც კანონში სავალდებულოდ უნდა აისახოდ, თუმცა, არ ეთანხმება, ირაკლი კობახიძეს, რომ მისი კანონში ასახვა შეუძლებელია. ბენიძე ამბობს, რომ თუ პარლამენტი ამ რეკომენდაციას კანონში არ ასახავს, მაშინ მნიშვნელოვანი პრაქტიკაში განახორციელოს ის.
„მნიშვნელოვანია, რომ ლოგიკას მიყვეს პარლამენტი და გაიზიაროს ის პოზიცია, რასაც გამოხატავს ყველაზე მნიშვნელოვანი საერთაშორისო ორგანო. ამას ორგანულ კანონში ასახავენ თუ სხვა სახით უზრუნველყოფენ ამის პრაქტიკაში განხორციელებას, არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, თუმცა, კანონში მსგავსი რეკომენდაციების ასახვა გარდამავალი დებულების სახით არის შესაძლებელი“, – ამბობს მიხეილ ბენიძე.
თუმცა, პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად უმრავლესობის წევრები ღიად მიანიშნებენ, რომ პარლამენტი ყველა რეკომენდაციას არ გაიზიარებს.
“პოლიტიკურად ანგაჟირებული მგონია განცხადებები, რომელსაც ოპონენტები აკეთებენ, სხვანაირად არც ველოდებოდით. ბევრი შენიშვნა გათვალისწინებულია და თუ რამე არ არის, ამაზეც აქვს პასუხი უმრავლესობას. ყველასთვის საინტერესოა ვენეციის კომისიის მოსაზრებები და თუ რაიმეს არ გაითვალისწინებს პარლამენტი, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის არ იყო საჭირო. რაც გაითვალისწინა, ამას მიაქციეთ ყურადღება!” – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
დღეს, პლენარულ სხდომაზე კანონპროექტთან ერთად დეპუტატებს არ დაურიგდათ ტექსტი, სადაც ასახული იქნებოდა ვენეციის კომისიის რომელი რეკომენდაციების გათვალისწინებას აპირებს უმრავლესობა, რასაც ოპოზიციაში პროტესტი მოჰყვა. მოგვიანებით, უმრავლესობამ, დახურული სხდომის ჩატარების შემდეგ, გადაწყვიტა, მათი თხოვნა გაიზიაროს და განხილვის დაწყებამდე დეპუტატებს კანონპროექტის ჩასწორებული ვერსია მიაწოდოს, ამიტომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის წესთან დაკავშირებით უმრავლესობის მიერ მომზადებული კანონპროექტის განხილვა ერთი დღით გადაიდო.