ვენეციის ადმინისტრაციამ იმ ტურისტებისთვის, რომლებიც ქალაქში ქცევის წესებს დაარღვევენ, ჯარიმის მოცულობა გაზარდა.
ამიერიდან, დამსვენებლები 200 ევროთი დაჯარიმდებიან, თუკი ვენეციის ქუჩებში შიშველი ტორსით ისეირნებენ. ხოლო ისინი, ვინც ძეგლებზე წარწერებს დატოვებენ, ან ნაგავს დაყრიან, 400 ევროს გადაიხდიან.
დამსვენებლებს, რომლებიც ვენეციის არხებში გადაწყვეტენ ბანაობას, 450 ევროს გადახდა მოუწევთ. ამ დრომდე ასეთ დარღვევებზე საშუალო თანხა 50 ევროს შეადგენდა.
ვენეციის მთავრობა უახლოეს მომავალში ჩაუშვებს კამპანიას, რომელიც ტურისტებს შეახსენებს, თუ რა არის ადგილობრივი წესების მიხედვით დაუშვებელი. აღნიშნული პროექტის ფარგლებში, მოგზაურების გაფრთხილებას სოციალურ ქსელებში დაიწყებენ, ქალაქებში კი შესაბამისი წარწერებით პლაკატებს გამოაკრავენ.
ინფორმაცია ათ ენაზე, მათ შორის ინგლისურ, ჩინურ, არაბულ და კორეულ ენაზე იქნება ხელმისაწვდომი. ქცევა 12 წესს გააერთიანებს. ადგილობრივი მერიის წარმომადგენლის განცხადებით, პრობლემა ის არის, რომ ვენეცია ტურისტებს პლაჟი ჰგონიათ.
ამა წლის აპრილში იტალიური ქალაქის ადმინისტრაციაში ისიც კი გადაწყვიტეს, რომ ტურისტული ნაკადი შეზღუდონ და ამ მიზნით სპეციალური მოწყობილობების დაყენება იგეგმება, რომლებბიც ტურისტებს დაითვლიან.