თბილისის განვითარების ფონდის დირექტორის გიორგი ბაიდარაშვილის განცხადებით, ორბელიანის მოედნის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, 150 ავტომანქანაზე გათვლილი მიწისქვეშა ავტოსადგომის მშენებლობა იგეგმება.
გიორგი ბაიდარაშვილის განცხადებით, მშენებლობისთვის მზადება უკვე დაიწყო.
„ვემზადებით ავტოპარკინგის მშენებლობისთვის. ყველა შენობაზე მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. ძირითადად, ძეგლებზე იწმინდება ფასადები, იხსნება დეტალები, რომელთაც საამქროში გადაიტანენ, აღდგენილი კი, ფასადებზე დაბრუნდება. ასევე, მიმდინარეობს შენობების კონსტრუქციული გამაგრება, სარდაფების დასუფთავება და კონსტრუქციული ელემენტების დამატება“, – განაცხადა გიორგი ბაიდარაშვილმა.
ორბელიანის მოედნისა და მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაციას თბილისის განვითარების ფონდი პროექტ „ახალი ტფილისის“ ფარგლებში ახორციელებს. სარეაბილიტაციო სამუშაოების საერთო ღირებულება დაახლოებით, 55 მლნ ლარს შეადგენს. ორბელიანის მოედნისა და მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაცია 2018 წლის ბოლოს დასრულდება.