LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

”ველოშეარინგი”- ოთხი მიმართულება თბილისში, სადაც ველობილიკების მოწყობაზე მუშაობენ

47

ე.წ. ველოშეარინგის პროექტი თბილისში შესაძლოა, წელს, წლის ბოლომდე განხორციელდეს. პროექტის განხორციელებით დაინტერესებული ფრანგული კომპანია ”სმუვი” ამ დროისთვის წინასწარ კვლევებს ატარებს, რაც ველობილიკების კონცეფციას და სატარიფო პოლიტიკას უკავშირდება.

როგორც ”ფორტუნას” კომპანია ”სმუვის” წარმომადგენელმა თეიმურაზ შარვაშიძემ განუცხადა, ინვესტორი პროექტის რამდენიმე ვერსიას განიხილავს.

ერთ-ერთი ვერსიის მიხედვით, ველომარშრუტი დაიწყება ვაკის პარკთან, გაგრძელდება ჭავჭავაძის გამზირზე და რუსთაველის გამზირის გავლით ძველ თბილისში დასრულდება; მეორე მიმართულება აღმაშენებლის გამზირის გავლით და ზაარბრიუკენის მოედნის მიმართულებით გაგრძელდება; მესამე და მეოთხე მიმართულება კი საბურთალოსა და გლდანის რაიონებს მოიცავს.

”სმუვის” წარმომადგენელის განმარტებით, კონცეფცია მარშრუტის ყოველ 300-400 მეტრში ველოსადგურის მოწყობას ითვალისწინებს.

”ვჩქარობთ და გვინდა, რომ პროექტის განხორციელება წელსვე მოვასწროთ, რადგან მას ძალიან დიდი დაინტერესება მოყვა და დიდი სოციალური მხარდაჭერაც გვაქვს. მთავარია, რომ გადაწყვეტილება მიღებულია. ამ დროისთვის მიმდინარეობს პროექტის დეტალიზება, რაც მოიცავს ხაზებს, მარშრუტებს, უსაფრთხოებას, ტარიფებს და ა.შ. გარდა იმისა, რომ ბილიკების დაგეგმარებაზე ვმუშაობთ, მოსახლეობის გადახდისუნარიანობასც ვსწავლობთ, რომ შემდგომში სატარიფო პოლიტიკა განვსაზღვროთ”, – განუცხადა ”ფორტუნას” შარვაშიძემ.

მისივე თქმით, ე.წ. ველოშეარინგის მომსახურება გათვლილი იქნება, როგორც ტურისტებზე, ასევე რიგით მოქალაქეებზე. რაც შეეხება ფასებს, ფრანული კომპანიის წარმომადგენლის განმარტებით, შესაძლებელია, სხვადასხვა სოციალურ ჯგუფებზე (მაგ. სტუდენტებზე, ტურისტებზე) დიფერენცირებული გადასახადი დაწესდეს.

პროექტის საინვესტიციო ღირებულება 5 მლნ-დან 15 მლნ ევრომდე მერყეობს. როგორც კომპანიის წარმომადგენელი განმარტავს, ეს იმაზეა დამოკიდებული, რა მასშტაბით განხორციელდება პროექტი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები