LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ველოდებით სწრაფ ნაბიჯს და ეს არის არჩევნების თარიღის დანიშვნა – დავით ბაქრაძე

47

“ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატი დავით ბაქრაძე პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს მოუწოდებს, საპრეზიდენტო არჩევნების თარიღი რაც შეიძლება მალე დანიშნოს.

როგორც ბაქრაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ამით ოპოზიციას საშუალება მიეცემა, თანაბარ პირობებში წარმართოს წინასაარჩევნო კამპანია.

უმცირესობის ლიდერის თქმით, ყოველი დღე, როცა ოპოზიციამ არ იცის არჩევნების თარიღი, არის ოპოზიციისთვის დაკარგული და ხელისუფლებისთვის სასარგებლო დღე, რადგან თარიღის გარეშე ოპოზიციას არ აქვს საეთერო დრო, რეკლამის გაშვების უფლება და არც ერთი ის ინსტრუმენტი, რომელსაც ოპოზიცია არჩევნებზე იყენებს.

“რაც შეეხება გიორგი მარგველაშვილს, მისი გადასაწყვეტია, დააყენებს თუ არა თავის კანდიდატურას, თუმცა სასურველია მისი გადაწყვეტილება სწრაფად ვიცოდეთ, ვინაიდან ეს იმოქმედებს გარემოებებზე და რაც უფრო სწრაფად ჩამოყალიბდება, მით უკეთესი იქნება ოპოზიციისთვის. თუმცა მისი პირადი გადაწყვეტილებისგან განსხვავებით, არსებობს გადაწყვეტილება, სადაც ნამდვილად ველოდებით მისგან სწრაფ ნაბიჯს და ეს არის არჩევნების თარიღის დანიშვნა,“ – განაცხადა ბაქრაძემ.

რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილის განცხადებას „ქართული ოცნების“ მიერ პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის შესაძლო მხარდაჭერასთან დაკავშირებით, ბაქრაძემ აღნიშნა, რომ ვერც ერთი კანდიდატი დამოუკიდებელი ვერ იქნება, თუკი მას რომელიმე პარტია გაუმაგრებს ზურგს.

“ბიძინა ივანიშვილი კარგად ხვდება, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მისი რესურსი ამოწურა და სწორედ ამას ემსახურება იდეა, რომ მოიყვანონ თითქოსდა გარეშე და დამოუკიდებელი ადამიანი. ვერ იქნება კანდიდატი დამოუკიდებელი, თუკი მის ზურგს უკან დგას „ქართული ოცნება“. რა მნიშვნელობა აქვს ფურცელზე პარტიის წევრობას, თუკი ზურგს გიმაგრებს პარტია და ამ კამპანიას ატარებ ამ პარტიის მხარდაჭერით. არანაირ დამოუკიდებელ კანდიდატზე აქ საუბარი არ არის. საუბარია იმაზე, რომ დღეს „ქართულ ოცნებას“ მისი ნორმით ძალიან გაუჭირდება არჩევნების მოგება და მოიფიქრეს ეს მიდგომა, რომ თითქოს საზოგადოებას სთავაზობენ ვიღაც დამოუკიდებელს. სინამდვილეში უნდა გვესმოდეს, რომ გამოსავალი არის არა ამაში, არამედ ამ პოლიტიკური გუნდის სრულ დემონტაჟში,“ – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები