LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ველოდებით ქევხიშვილის ვაჟკაცურ ნაბიჯს: ყველაფრის ნორმალურ პროცესში გადატანა შესაძლებელია – როგორ წარიმართა ძიუდოს ყრილობა

45

ძიუდოს ფედერაციის ყრილობაზე სპორტსმენების მოსვლის მიზანი იყო, უფრო გაემწვავებინათ სიტუაცია, – ამის შესახებ ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა დავით ქევხიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, სპორტსმენები ცდებიან, როდესაც ფედერაციის პრეზიდენტის გადადგომას ასეთი ფორმით ცდილობენ.

„მე ყველაფერი შევაჯამე და მოვიწვიე ყრილობა. მივესალმები სამინისტროს პოზიციას, მათ შექმნეს კომისია. ორივე მხარეს შესაძლებლობა გვექნება, რომ წარმოვადგინოთ პოზიციები და დოკუმენტაციები. ყრილობის წევრებს ავუხსენი, თუ რა მდგომარეობაა ფედერაციაში. საერთო ენა მაინც გამოინახება. 2009 წელს იგივე პროცესები იყო ნაკრებში, მაგრამ საჯაროდ არასდროს გამოვსულვარ. როდესაც კაპიტანი ხარ, არ შეიძლება ასე პროვოცირებდე და ბიჭებს ამ გზაზე აყენებდე. ლიპარტელიანს მოვუწოდებ, როგორც გუნდის კაპიტანი ისე მოიქცეს. ვფიქრობ, შესაძლებელია ყველაფრის ნორმალურ პროცესში გადატანა. გაერთიანებულ ფორმატში მზად ვარ, გავცე პასუხი. რა გადაწყვეტილებასაც მიიღებს ყრილობა, იმ გადაწყვეტილებას დავემორჩილები“, – განაცხადა დავით ქევხიშვილმა.

 

 

საქართველოს პარლამენტის სპორტის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ ყაველაშვილი აცხადებს, რომ ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი დავით ქევხიშვილი არ უნდა გადადგეს.
როგორც მან აღნიშნა, სპორტსმენთა აზრის გათვალისწინება აუცილებელია, თუმცა სახელმწიფოსა და ინსტიტუტს ყველამ პატივი უნდა სცეს.

„ძიუდოისტებმა ყრილობაზე დაგვიანებით დასწრება გადაწყვიტეს. ჩემი თხოვნა იყო კონსტრუქციულ რეჟიმში მომხდარიყო საუბარი. მათ დასვეს კითხვები, პასუხებს არ დაელოდნენ და დარბაზი ანერვიულებულებმა დატოვეს. დავით ქევხიშვილს მოვუსმინე და სპორტსმენების ბრალდებებზე პასუხები აქვს. ვურჩიე, რომ მედიის წინაშე ყველაფერზე ღიად ისაუბროს. ჩემი აზრია, რომ ამ მდგომარეობაში ქევხიშვილი არ უნდა გადადგეს. გაკეთდება ანალიზი და გადაწყვეტილება ამის შემდეგ იქნება მიღებული. აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ სპორტსმენების აზრიც”, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

 

ფედერაციის ყრილობა ძიუდოისტებმა პროტესტის ნიშნად დატოვეს. როგორც საქართველოს ნაკრების კაპიტანმა, ვარლამ ლიპარტელიანმა განაცხადა, ფედერაციის პრეზიდენტი ძიუდოისტების კითხვებს არ პასუხობდა.

ველოდებით დავით ქევხიშვილის ვაჟკაცურ ნაბიჯს, ჩვენ მას გავუწოდებთ მეგობრულ ხელს და მთელი ცხოვრება ვიქნებით მეგობრები, – აღნიშნა ვარლამ ლიპარტელიანმა:

„არანაირი პოლიტიკა, გულით გვინდა, იყოს ძიუდოში ნორმალური სიტუაცია, არ იყოს ერთპიროვნული მმართველობა, არ იყოს ერთი საძმაკაცოს მმართველობა, მეტს არაფერს მოვითხოვთ. მან თავი აარიდა კითხვებს. ვერც ერთ კითხვაზე პასუხს ვერ გვცემდა. ველოდებით გონივრულ გადაწყვეტილებას”, – განაცხადა ვარლამ ლიპარტელიანმა.

 

 

“რუსთავი 2”-ის ინფორმაციით, დიღომში მდებარე ძიუდოს ფედერაციის ოფისთან დავით ქევხიშვილის მხარდამჭერები შეიკრიბნენ.
შეკრებილები ქევხიშვილს სოლიდარობას უცხადებენ. ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელის, ლაშა გუჯეჯიანის თქმით, ფედერაციის პოლიტიკა გამართლებულია.
მისივე თქმით, შეკრებილი ადამიანები თავიანთ აზრს ძიუდოს დიდ ოჯახში მშვიდობიანად აფიქსირებენ.

 

დღეს, სასტუმრო „ბილტმორში“ ძიუდოს ფედერაციის ყრილობა დახურულ რეჟიმში წარიმართა.
ძიუდოისტებმა დავით ქევხიშვილის გადადგომა რამდენიმე დღის წინ მოითხოვეს და საპროტესტო აქციაც გამართეს.
დავით ქევხიშვილმა კი განაცხადა, რომ თანამდებობის დატოვებას არ აპირებს.

ევროპის ჩემპიონატზე დაფიქსირებული სავალალო შედეგის შემდეგ, 30 აპრილს ძიუდოისტთა ეროვნული გუნდის სამწვრთნელო შტაბი სრული შემადგენლობით გადადგა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები