ჩვენ ვართ მოგებული მხარე და მოლოდინი მაქვს, რომ წაგებული მხარე თანხას ჩარიცხავს იმ დაზარალებულებისათვის, რომლებიც მასობრივი დარღვევის მსხვერპლნი გახდნენ, – ასე უპასუხა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერ არჩილ თალაკვაძის კითხვას, რა ეტაპზეა სტრასბურგში ქართული მხარის მიერ მოგებული საქმის აღსრულება.
„მე ვარ მხარე, მოგებული მხარე და მოლოდინი მაქვს, რომ წაგებული მხარე ამ თანხას ჩარიცხავს არა ჩვენი ბიუჯეტისთვის, არამედ იმ დაზარალებული ინდივიდებისთვის, რომლებიც რეალურად იყვნენ მასობრივი დარღვევების მსხვერპლნი. თუ ეს არ მოხდება, ჩვენ უკვე გვაქვს კონტაქტი მინისტრთა კომიტეტთან. იქ საგარეო საქმეთა სამინისტრო და ჩვენი საპარლამენტო დელეგაციის აქტიურობა იქნება მნიშვნელოვანი, რათა პოლიტიკური რესურსის მობილიზება გავაკეთოთ და რუსეთს შევასრულებინოთ ამ ნაწილში ჩვენს სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილება“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
შეგახსენებთ, სტრასბურგის დიდმა პალატამ “საქართველო რუსეთის წინააღმდეგ” საქმეზე 16 ხმით 1-ის წინააღმდეგ გადაწყვეტილება გამოიტანა და რუსეთს გამოძევებისთვის კომპენსაციის სახით 1 500 ეთნიკური ქართველისთვის 10 000 000 ევროს გადახდა დააკისრა.
საქმე ეხება 2006 წლის შემოდგომაზე რუსეთიდან 4 634 ეთნიკური ქართველის გამოძევებას.