LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ველოდები, როდის დაამხობენ „ნაცები“ „ქოცებს“ და გამოიხსნიან თავიანთ ლიდერს პუტინის ტყვეობიდან: იაგო ხვიჩია

89
იაგო ხვიჩია

„ველოდები, როდის დაამხობენ „ნაცები“ „ქოცებს“ და გამოიხსნიან თავიანთ ლიდერს პუტინის ტყვეობიდან​“, – აღნიშნული განცხადება პარტია „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ „პალიტრანიუსის“ ეთერში საუბრისას გააკეთა. მისი განცხადებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საკნის გასაღები პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ხელში არ არის და ე.წ. შერიგებაზე საუბარს იმაზე მეტ დროს ვუთმობთ, ვიდრე იმსახურებს.

როგორც იაგო ხვიჩიამ ე.წ. შერიგებაზე საუბრისას განაცხადა, იდეის ადრესატები არ განმარტავენ, რა არის იდეა.

„ჩემი აზრით, მიხეილ სააკაშვილის საკნის გასაღები სალომე ზურაბიშვილის ხელში არ არის. შესაბამისად, ვერ გეტყვით რამდენად წარმატებული იქნება ეს ამბავი. ჩემი აზრით, იმაზე მეტ დროს ვუთმობთ ამ საკითხს, ვიდრე ეს საკითხი იმსახურებს. იდეის ადრესატებმა ფაქტობრივად არ განმარტეს რა არის იდეა და ჩვენ სამი დღეა ამაზე ვსაუბრობთ, რაც ჭორაობას ემსგავსება. აქედან გამომდინარე, მინდა გავიდე, სანამ არ იტყვიან მხარეები რას გულისხმობენ შერიგებაში, ვისი დახმარება სჭირდებათ. რეალურ პროცესებს ვერ ვხედავთ. არ გვინდა ჩავერთოთ იქ, სადაც რაღაც დროის გაყვანისთვის კეთდება, როგორ გადავაგოროთ ახალ წლამდე, რომ ხალხმა დაივიწყოს პრობლემები“, – აცხადებს ხვიჩია.

ხვიჩიას განმარტებით, მან იცის, რომ „მიხეილ სააკაშვილი 6 წელს არ მოიხდის და თავისუფლებაზე ბევრად ადრე აღმოჩნდება“.

„გზები არ ვიცი, ეს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „ოცნებამ“ უნდა მოიფიქრონ. ჩვენ ამაზე სერიოზულად არცერთი მხარე გვესაუბრება. ჩემი აზრით, ეს თემა არ არის ჩემი სანერვიულო. თვითონ გახადეს ერთი პარტიის სანერვიულო ამბავი. წარმატებებს ვუსურვებ.

მე მაინც ველოდები, როდის დაამხობენ „ნაცები“ „ქოცებს“ და გამოიხსნიან თავიანთ ლიდერს პუტინის ტყვეობიდან. ამის მოლოდინის გარდა, სხვა არაფერს გესაუბრებიან. „21 დეკემბერს შევხვდებით“ და ასე შემდეგ. არ გაქვს მეტის მსჯელობის შესაძლებლობა“, – განმარტავს ხვიჩია.

ხვიჩია დასძენს, რომ მას ამნისტიაზე საუბარი მოსწონს და დიდი ამნისტიის პროექტზე ფიქრობენ.

„ზოგადად, ამნისტიაზე საუბარი მომწონს. ჩვენ ვფიქრობთ, დიდი ამნისტიის პროექტზე, რომელიც არამხოლოდ პოლიტიკოსებს, არამედ ყველას უნდა შეეხოს, იქიდან გამომდინარე, რომ ვიცით ამ სასამართლოს არ შეიძლება ენდო 100%-ით, ამ სასამართლოს მიერ გარჩეული მტყუან-მართალი ხარვეზიანი არ იქნება. ბოლო 30 წელია სისხლის სამართლის კოდექსი მკაცრდება და ადამიანები იმაზე მეტი წელი გვიზის ციხეში, ვიდრე კომუნისტების დროს“, – აღნიშნავს ხვიჩია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები