ვაშლიჯვრიდან გელოვანის ქუჩისკენ მიმავალ გზაზე ესტაკადის გაკეთება გვინდა, – ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანმა განაცხადა.
მისი თქმით, ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი იგეგმება, მათ შორის გმირთა მოედნიდან ”ლაგუნა ვერეს” მიმართულებით არსებული გზის გაფართოება.
ირაკლი ბენდელიანის განცხადებითვე, გეგმაშია “ვეფხვი და მოყმის” ძეგლთან ახალი გზის გაკეთებაც.
”ჩვენ გეგმებში ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი გვაქვს, მათ შორის გამოვყოფ რამდენიმე პრიორიტეტულ პროექტს: ვაშლიჯვრიდან გელოვანის ქუჩისკენ მიმავალ გზაზე ძალიან დიდი საცობებია. აქ გვინდა, რომ ესტაკადა გავაკეთოთ. გმირთა მოედნიდან ”ლაგუნა ვერეს” მიმართულებითაც დღის ნებისმიერ მონაკვეთში საცობია. აქ არსებული გზის გაფართოებას ვგეგმავთ, რათა გამტარიანობა მეტი ჰქონდეს. ასევე ”ვეფხვი და მოყმის” ძეგლთან გვინდა ახალი გზის გაკეთება”, – განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა ”რადიო პალიტრის” გადაცემა ”შუადღის სტუდიაში”.