LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ვეფხისტყაოსანი” ბანგლადეშში, ბენგალურ ენაზე გამოიცა

126
BeFunky-collage (51)

ინდოეთში საქართველოს საელჩოს თანახმად, 2022 წლის იანვარში შოთა რუსთაველის “ვეფხისტყაოსანი” ბანგლადეშში პირველად გამოიცა. წიგნის ოფიციალური პრეზენტაცია უახლოეს მომავალში, ბანგლადეშის დედაქალაქში შედგება.

საელჩოს თანახმად, პოემის თარგმანი ტაჰერულ ისლამ ტაჰერს ეკუთვნის, გამოცემისთვის შექმნილი, “ბენგალური სუბკონტინენტური კულტურის თავისებურებების გათვალისწინებით შესრულებული ილუსტრაციები” კი მაჰმუდ ჰასანმა მოამზადა.

საელჩოს განცხადებით, პოემის ბენგალურად გამოცემა საქართველოსა და ბანგლადეშის სახალხო რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლისთავს უკავშირდება:

“მივესალმებით „ვეფხისტყაოსნის“ წარმატებით გამოცემას უძველეს ბენგალურ ენაზე, რომლის სიდიადე უკვდავყო მსოფლიოს უდიდესმა პოეტმა, რაბინდრანათ თაგორმა. როგორც ცნობილია, ბენგალური ენა მიეკუთვნება მსოფლიოს ათ ყველაზე გამორჩეულ ენას სიძველითა და სილამაზით, ასევე შესანიშნავი დამწერლობისა და ჟღერადობის გამო. მასზე საუბრობს 200 მილიონზე მეტი ადამიანი ბანგლადეშში, ინდოეთის დასავლეთ ბენგალისა და ტრიპურას შტატებში და ასამის შტატის რეგიონში Barak Valley. იგი სიდიდით მეშვიდე ენაა მსოფლიოში.

„ვეფხისტყაოსნის“ ბენგალურ ენაზე თარგმნა მნიშვნელოვანი მოვლენაა არა მხოლოდ რუსთველოლოგიის განვითარებისთვის, არამედ – კაცობრიობისთვისაც, ხალხებს შორის ურთიერთდაახლოების, მშვიდობიანი თანაარსებობისა და მეგობრობის განმტკიცებისთვის.

წიგნის ოფიციალური პრეზენტაცია უახლოეს მომავალში იგეგმება ბანგლადეშის დედაქალაქ დაკაში. ბანგლადეშის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს არარეზიდენტი ელჩი, ბატონი არჩილ ძულიაშვილი და ბანგლადეშში საქართველოს საპატიო კონსული, რიად მაჰმუდი წარუდგენენ „ვეფხისტყაოსანს“ ბანგლადეშის საზოგადოებას და ქვეყნის მთავრობის წევრებს. წიგნი ხელმისაწვდომი იქნება მსოფლიოს ყველა კუთხეში მცხოვრები ბენგალელი მკითხველისთვის, რაც მათ მისცემს ქართული კულტურული მემკვიდრეობის გაცნობის შესაძლებლობას.

საქართველოს საელჩო ბანგლადეშის სახალხო რესპუბლიკაში (რეზიდენციით ქ. დელი), გამოხატავს მადლიერებას ბანგლადეშში საქართველოს საპატიო კონსულის, ბ-ნი რიად მაჰმუდის მიმართ მის მიერ შეტანილი დიდი წვლილისთვის ქართული ლიტერატურის შედევრის წარმატებულად თარგმნისა და გამოცემის საქმეში”, – ნათქვამია განცხადებაში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები