ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილის განცხადებით, როგორც კი კენჭისყრის დღე დასრულდება და შესაბამისად, დასრულდება ხმის დათვლის დროს ვიდეოჩანაწერების გაკეთება, ცესკო ვიდეოჩანაწერების განთავსებას საჯარო სივრცეში მეორე დღიდანვე დაიწყებს.
როგორც კალანდარიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, ყველა დიანტერესებულ პირს ექნება შესაძლებლობა, ეტაპობრივად გაეცნოს აღნიშნულ ვიდეოჩანაწერებს და ასევე გადმოწეროს ის.
მისივე თქმით, მიმდინარეობს მოლაპარაკებები ორ საერთაშორისო პალატფორმასთან, რომლებმაც ვიდეოჩანაწერების უსაფრთხო განთავსება უნდა უზუნველყოს:
“დღეის მდგომარეობით, გვაქვს მოლაპარაკებები, იმედი მაქვს, რომ ეს მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდება ორ საერთაშორისო პალათფორმასთან, რომელიც უზრუნველყოფენ ვიდეოჩანაწერების უსაფრთხო განთავსებას. არათუ პოლიტიკურ გაერთიანებებს, არამედ ყველა დიანტერესებულ პირს ექნება შესაძლებლობა ეტაპობრივად გაეცნონ ამ ვიდეოჩანაწერებს და ასევე გადმოწერონ.
ეტაპობრივად ვეცდებით უმოკლეს ვადებში იყოს განთავსებული საჯარო სივრცეში, რაც უზრუნველყოფს სანდოობის და გამჭირვალობის მაღალი სტანდარტის დადგენას.” – თქვა კალანდარიშვილმა.