იური ვაზაგაშვილის საქმის მოწმე გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა, – „ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, ამის შესახებ ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე მსჯავრდებულის, გიორგი ცააძის დამ, ირინა ცააძემ განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნული მოწმე ქალბატონი იყო, რომელიც სოფელ ყალაფილაში, ვაზაგაშვილის აფეთქების ადგილას, კერძოდ სასაფლაოზე დამლაგებლად მუშაობდა.
ცააძის ინფორმაციით, მოწმე ”არ იყო მოხუცი და არ ავადმყოფობდა”.
“მისი გარდაცვალების დეტალებს ვაზუსტებთ. ჩვენთვის ცნობილია, რომ ის გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა”, – განაცხადა ირინა ცააძემ.
ყარაფილას მცხოვრებლების ინფორმაციით კი ირინა გოგილაშვილი, რომელიც იური ვაზაგაშვილის საქმის ერთ-ერთი მოწმე იყო, გრიპის ვირუსით გარდაიცვალა.
“ირინას გრიპის ვირუსი ჰქონდა. რამდეჯერმე სასწრაფოც გამოიძახა, თუმცა თავდაპირველად საავადმყოფოში გადაყვანაზე უარი უთხრეს, რადგან უქმე დღეები იყო, თუმცა შემდეგ, როცა ვითარება დამძიმდა, ის კლინიკაში მოათავსეს. კრიტიკული მედიცინის განყოფილებაში ორი დღე მკურნალობდნენ, თუმცა, სამწუხაროდ, გარდაიცვალა”, – აცხადებენ ყარაფილელები.
მათივე ინფორმაციით, გარდაცვლილი გუშინ დაკრძალეს.