„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, ყველა ვინც პრაიმერიზის იდეას ეწინააღმდეგება, კულუარების მომხრეა.
როგორც ვაშაძე აღნიშნავს, პრაიმერიზის გამართვის იდეა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ინიციატივა არ არის და ეს არის პარტიების გარეთ წამოყენებული ინიციატივა, რომელსაც დადებითად აფასებს კიდევ ორი ოპოზიციური პარტია – „დროა“ და „გირჩი – მეტი თავისუფლება“:
„ყველა, ვინც პრაიმერიზის იდეას ეწინააღმდეგება არის კულუარების მომხრე, იმის მომხრე, რომ ვიღაცა ვიღაცასთან წავიდეს, ჩააწყოს და ვიღაცასთან დალაგდეს, ჩვენ ეს არ გვინდა…
დღეს, ისე როგორც არასდროს, პროევროპულ ფლანგზე ერთიანობა გვჭირდება. ძალაუფლება პრორუსულ უმცირესობას აქვს მიტაცებული, რომელიც ქვეყანას პროევროპული ფასადით მართავს. როცა ასე მივდივართ, კანდიდატის სტატუსს ვერ მივიღებთ. კანდიდატის სტატუსის მისაღებად პროევროპულ ფლანგზე ერთიანობა გვჭირდება.
ერთიანობა რომ შედგეს, ამისთვის აუცილებელია ამ ერთიანობაში ხალხის ხმა იყოს გადამწყვეტი. თუ ჩვენ პოლიტიკურ კულუარებს არ მოვსპობთ, ყველა ერთიანობა შეუმდგარი იქნება.
ერთიანობის წესებს ღია და გამჭვირვალე პროცედურები სჭირდება. პრაიმერიზი ნიშნავს, რომ ამ ერთიანობაში – თუ ვის რა პოზიციები აქვს, ვის რა ძალა და ხმა აქვს – გადაწყვეტილებას იღებს ხალხი და არა პოლიტიკური კულუარები.
ჩვენ დასავლურ სტანდარტებს ვემხრობით როგორც პოლიტიკურ, ასევე ქვეყნის მართვის პროცესში, ვამბობთ, დაე ხალხმა გადაწყვიტოს ვის ვინ უნდა იყოს, ვინ სად უნდა იყოს, ეს არის ხალხსა და გამარჯვებაზე ორიენტირებული გზა.
„სტრატეგია აღმაშენებლისთვის“ პარტიული ინტერესი არის უკან და გაცილებით წინ არის ქვეყნისა და ხალხის ინტერესი“ – აცხადებს გიორგი ვაშაძე.
შეგახსენებთ, სამი ოპოზიციური პარტია „დროა“, „სტრატეგია აღმაშენებელი“ და „გირჩი“ ერთიანი სიის ფორმირების საკითხს განიხილავს, რომელიც ამომრჩევლის ნებით უნდა დაკომპლექტდეს.
ამის შესახებ დღეს, 1 ნოემბერს, „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ყველაზე დემოკრატიული მექანიზმი იქნება, თუ ოპოზიციური პარტიების სიაში წევრთა რიგითობა პრაიმერიზის საშუალებით გაირკვევა.