LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვაშაძე ახლა ზეაქტიურია, „გირჩს“ რომ მეტი რეიტინგი ჰქონდეს უბრალოდ, არ მჯერა: მამუკა გამყრელიძე კვლევის შედეგებზე

95
მამუკა გამყრელიძე

არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ამ კვლევების ნდობა, რადგან არ ასახავს იმ სიტუაციას, რაც არის, – ასე ეხმაურება პარტია „ევროპელი დემოკრატების“ გენერალური მდივანი, ექსპერტი მამუკა გამყრელიძე IPSOS-ის კვლევას, რომლის თანახმად, ხვალ რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ტარდებოდეს 32% ხმას ქართულ ოცნებას მისცემდა, 23% ნაციონალურ მოძრაობას, 8% კი გიორგი გახარიას პარტიას — საქართველოსთვის.

როგორც მამუკა გამყრელიძემ “ფორტუნას” გადაცემაში “კვირის თემა” აღნიშნა, ქართველებს გადაწყვეტილების ბოლო მომენტამდე შენახვა ან დამალვა ახასიათებთ, შესაბამისად, მიიჩნევს, რომ კვლევის შედეგები არ ასახავს რეალურ მოცემულობას.

“მე მიწევდა არჩევნებზე სიარული, საპრეზიდენტო არჩევნებს ვგულისხმობ, სადაც გვეუბნებოდნენ, რომ უეჭველი თქვენ მოგცემთ ხმას და აღმოჩნდა, რომ იმ უბანში ამას გვეუბნებოდა ყველა, მაგრამ ხმას არავინ გვაძლევდა.

ქართველებს ახასიათებთ გადაწყვეტილების ბოლო მომენტამდე შენახვა ან დამალვა. კაცმა არ იცის, რით არის ეს გამოწვეული, შიშით თუ უბრალოდ უხერხულობით. სამწუხაროდ, მკვეთრად არ გამოხატავენ განწყობას. შესაბამისად, დაზუსტებით თქმა, რომ ეს ნამდვილად ასახავს რეალურ სიტუაციას, არ შემიძლია”- აცხადებს გამყრელიძე “ფორტუნასთან” საუბრისას.

მისივე თქმით, ქვეყანაში არსებული გამოწვევების ფონზე, მმართველი გუნდის 32%-იანი მხარდაჭერა არარეალურია. ამასთან, აღნიშნავს, რომ კვლევების შედეგებთან დაკავშირებით “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერის პოზიციას იზიარებს.

IPSOS-ი ჩემს პირად რეიტინგს მალავს: ვაშაძე

“32%-ი ძალიან ბევრია, რადგან მართლაც რთულ მდგომარეობაშია “ქართული ოცნება”. ამდენი თუ აქვთ, ამას დავუმატოთ, როგორც მინიმუმ 15%-ი ადმინისტრაციული რესურსი და  გამოდის 47%-ი. ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი არჩევნებზე იმ ბარიერს გადალახავენ, რაც დაუწესა შარლ მიშელის დოკუმენტმა (43%-ი) და გაიმარჯვებენ. ერთმნიშვნელოვნად იმის თქმა, რომ რა მაგარია,  32% აქვთ არ შეიძლება. ამას დავინახავთ არჩევნებზე. არ მჯერა IPSOS-ის კვლევების და აბსოლუტურად ვეთანხმები გიორგი ვაშაძეს.

გიორგი ვაშაძე ახლა არის ზეაქტიური. ძალიან მაღალი რეიტინგი აქვს ცნობადობის ნაწილში. ჩემი დიდი პატივისცემა „გირჩს“, მაგრამ „გირჩს“ რომ მეტი ჰქონდეს უბრალოდ, არ მჯერა. ამ მომენტში გიორგი ვაშაძე არის სუპერ აქტიური, არც ბიძაშვილია ჩემი და არც არაფერი, მაგრამ არ მჯერა ამ კვლევის”.- განაცხადა მამუკა გამყრელიძემ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები