პარტია „მოქალაქეების“ ერთ-ერთი ლიდერი ლევან იოსელიანი, ლევან ვასაძის პოლიტიკაში მოსვლასთან დაკავშირებით განცხადებას ეხმაურება. მისი თქმით, „ვასაძის განცხადებებიდან ბევრი რამ არ მოსწონდა ხოლმე, თუმცა, დაელოდება რა გზავნილები ექნება, რადგან ადამიანები იცვლებიან“.
იოსელიანის განმარტებითვე, პოლიტიკაში მოსვლის უფლება ყველას აქვს.
“საქართველოს კანონმდებლობით ყველას აქვს უფლება მოვიდეს პოლიტიკაში, მათ შორის ლევან ვასაძესაც. ჯერჯერობით გამიჭირდება წინასწარ შევაფასო პოლიტიკური ნაბიჯები, რაც ჯერ არც გადაუდგამს. მისი განცხადებებიდან ბევრი რამ არ მომწონდა, არ მომწონს დღესაც, თუმცა, დაველოდები მისი პოლიტიკური განაცხადი ვისზე, რა ტიპის ამომრჩეველზე იქნება გათვლილი, რა გზავნილები ექნება.
ის, რასაც აკეთებდა თავის საზოგადოებრივი აქტიურობით, ბევრი რამ არ მომწონდა, დღესაც არ მომწონს, თუ ყველაფრის გადმოტანას აპირებს პოლიტიკაში ეს სხვა საკითხია, თუ აპირებს დატოვებას იმ თავის საზოგადოებრივ საქმიანობაში და პოლიტიკაში აპირებს სხვა ტიპის განაცხადის გაკეთებას, სხვა საკითხია დაველოდები, ვნახოთ ადამიანები იცვლებიან,”- განაცხადა იოსელიანმა.