ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე ალიანსის საგარეო საქმეთა მინისტრებმა საქართველოს რეფორმების არსებული დინამიკის შენარჩუნებისკენ მოუწოდეს და იმედი გამოთქვეს, რომ ოქტომბერში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნები უმაღლესი დემოკრატიული სტანდარტების შესაბამისად ჩატარდება.
ამის შესახებ საუბარია ნატო-საქარველოს კომისიის ერთობლივ დეკლარაციაში, რომელიც მხარეებმა ვარშავის სამიტის ფარგლებში გამართულ სხდომაზე მიიღეს.
გამოქვეყნებული ტექსტი 10 პუნქტისგან შედგება:
1. ჩვენ, მოკავშირე საგარეო საქმეთა მინისტრები და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, შევხვდით დღეს ვარშავაში, პოლონეთში, ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე, რათა გვემსჯელა, როგორც საქართველოსა და ნატო-ს შორის არსებული თანამშრომლობის პროგრესზე და პრიორიტეტებზე, ასევე საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებზე. ეს იყო ნატო-ს სამიტის ფარგლებში გამართული პირველი ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა. მოკავშირე მინისტრებმა მიულოცეს საქართველოს დამოუკიდებლობის ოცდამეხუთე წლისთავი და აღნიშნეს ქვეყნის მიერ ამ პერიოდში მიღწეული მნიშვნელოვანი პროგრესი. მათ ასევე აღიარეს, რომ ალიანს და საქართველოს აკავშირებს უპრეცენდენტოდ ღრმა და ყოვლისმომცველი ურთიერთობები. ამ კონტექსტში, მოკავშირე მინისტრები მიესალმნენ საქართველოს ჩართულობას სტრატეგიულ დისკუსიაში შავი ზღვის უსაფრთხოებასა და რეგიონში იმ ბოლოდროინდელ განვითარებებთან დაკავშირებით, რომლებიც გავლენას ახდენს ევრო-ატლანტიკურ უსაფრთხოებაზე.
2. ჩვენ მივესალმებით ნატო-ს უელსის სამიტზე სახელმწიფოთა და მთავრობის მეთაურების მიერ დამტკიცებული ნატო-საქართველოს არსებით ღონისძიებათა პაკეტის იმპლემენტაციაში მიღწეულ მნიშვნელოვან პროგრესს. მას შემდეგ, წვრთნისა და შეფასების ერთობლივმა ცენტრმა (JTEC) დაიწყო მუშაობა და გაერთიანებული ტრანსფორმაციის სარდლობას დაევალა JTEC-ის ჩართვა ალიანსის წვრთნისა და სწავლებასთან დაკავშირებულ საქმიანობაში. ამასთან, საქართველოში იმყოფება 30-ზე მეტი მოკავშირე და პარტნიორი ქვეყნის უსაფრთხოების ექსპერტი, რომლებიც ხელს უწყობენ უსაფრთხოების სფეროში მიმდინარე რეფორმების გატარებას, მათ შორის კიბერ უსაფრთხოების, ავიაციისა და ლოჯისტიკური მიმართულების. გაიხსნა თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა, სადაც ამ თვეში პირველი საპილოტე კურსი ჩატარდება. პირველად გაიმართა ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნა (ხელმისაწვდომი პარტნიორებისთვის) და მიმდინარე წლის ნოემბერში ჩატარდება მომდევნო ნატო-საქართველოს წვრთნა. მოკავშირეები წვლილს შეიტანენ და მხარს დაუჭერენ საქართველოს ტერიტორიაზე, რეგულარულ ნატო-საქართველოს წვრთნების გამართვას (პარტნიორებისათვის ხელმისაწვდომი), როგორც ეს გათვალისწინებულია ნატო-საქართველოს არსებით პაკეტით.
3. ასევე მივიღეთ გადაწყვეტილება ჩვენს შორის არსებული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების მიზნით ახალი ნაბიჯების გადადგმაზე, რათა დავეხმაროთ საქართველოს გააძლიეროს მისი თავდაცვითი, თავსებადობისა და მდგრადობის შესაძლებლობები. აღნიშნული ინიციატივები ითვალისწინებს საქართველოსთვის სამხედრო განათლებისა და წვრთნების სფეროში დახმარებას, შესაძლო ნდობის ფონდის საშუალებით და ასევე დახმარებას სტრატეგიული კომუნიკაციების კუთხით. მოკავშირეები დახმარებას გაუწევენ საქართველოს ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვისა და საჰაერო მეთვალყურეობის შესაძლებლობების განვითარების მიმართულებით. მოკავშირეები, საქართველოს თავდაცვისა და მდგრადობის გაძლიერების მიზნით, ორმხრივ ფორმატშიც ახორციელებენ სხვადასხვა პროგრამებს. ჩვენ ასევე უფრო მეტ ყურადღებას მივაპყრობთ შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების განმტკიცებას.
4. როგორც არსებული, ასევე ახალი ინიციატივების მიზანია ალიანსთან საქართველოს თავდაცვის შესაძლებლობების და თავსებადობის გაძლიერება. აღნიშნული ინიციატივები ასევე ეხმარებიან საქართველოს, როგორც ასპირანტ ქვეყანას, წინ წაიწიოს გაწევრიანების მზადების პროცესში.
5. საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯანელიძემ დაადასტურა საქართველოს სწრაფვა გახდეს ნატო-ს წევრი, რაც წარმოადგენს საქართველოს საგარეო პოლიტიკის მთავარ პრიორიტეტს. მინისტრმა ინფორმაცია მიაწოდა მოკავშირეებს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში არსებულ უსაფრთხოების სიტუაციასა და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების დინამიკაზე. მან ასევე მოკავშირეებს გაუზიარა ინფორმაცია „ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში სახელმწიფო სტრატეგიის“ ფარგლებში საქართველოს ჩართულობისა და ნდობის ამაღლების პოლიტიკაზე. მან მადლიერება გამოხატა საქართველოს ალიანსში გაწევრიანების მისწრაფებებისადმი წევრი ქვეყნების მხარდაჭერისთვის და საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების განვითარებაში მოკავშირეების მიერ შეტანილი წვლილისთვის, მათ შორის არსებითი პაკეტის მეშვეობით. მინისტრმა ჯანელიძემ დაადასტურა საქართველოს მზაობა წლიური ეროვნული პროგრამით განსაზღვრული ყოვლისმომცველი რეფორმების გაგრძელებისადმი. იგი მიესალმა მონტენეგროს ალიანსში გაწევრიანებას, რამდენადაც ეს ფაქტი წარმოადგენს ღია კარის პოლიტიკისადმი ნატო-ს ერთგულების დადასტურებას. მინისტრმა ასევე მადლიერება გამოხატა ნატო-ს მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მტკიცე მხარდაჭერისთვის.
6. ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრებმა მაღალი შეფასება მისცეს საქართველოს მიერ დემოკრატიის, ეკონომიკური განვითარების, უფრო ეფექტური თავდაცვითი ინსტიტუტებისა და მოდერნიზებული შეიარაღებული ძალების მიმართულებით მიღწეული მდგრადი პროგრესი. მოკავშირე მინისტრებმა მოუწოდეს საქართველო რეფორმების არსებული დინამიკის შენარჩუნებისკენ, რომლის მხარდაჭერასაც ნატო გააგრძელებს. ნატო-ს მინისტრებმა გამოთქვეს იმედი 2016 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების უმაღლესი დემოკრატიული სტანდარტების შესაბამისად ჩატარების შესახებ.
7. 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მოკავშირეები შეთანხმდნენ, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი და რომ გაწევრიანების სამოქმედო გეგმა იქნება ამ პროცესის შემადგენელი ნაწილი; მოკავშირეები კვლავ ადასტურებენ ამ გადაწყვეტილების ყველა ელემენტს, ისევე როგორც – შემდგომ გადაწყვეტილებებს. ჩვენ მივესალმებით 2008 წლის შემდგომ მიღწეულ მნიშვნელოვან პროგრესს. ალიანსთან საქართველოს ურთიერთობა მოიცავს ყველა პრაქტიკულ მექანიზმს საბოლოო წევრობისათვის მოსამზადებლად. მოკავშირეები მოუწოდებენ საქართველოს, ალიანსთან დასაახლოებლად, განაგრძოს ყველა იმ შესაძლებლობის სრული გამოყენება, რასაც ითვალისწინებს ნატო-საქართველოს კომისია, წლიური ეროვნული პროგრამა, გაძლიერებული შესაძლებლობების პარტნიორობის (Enhanced Opportunities Partner) ფორმატი. ასევე გამოყენებულ უნდა იქნას საქართველოს ჩართულობა ნატო-ს თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერების ინიციატივაში, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი, ისევე, როგორც თავსებადობის პლატფორმაში.
8. მოკავშირეები განსაკუთრებულ მადლიერებას გამოხატავენ საქართველოს მიერ შეტანილ მნიშვნელოვან წვლილს ავღანეთში მიმდინარე ნატო-ს ოპერაციებში და აფასებს იმ მსხვერპლს, რომლის გაღებაც მოუხდა ქართველ ხალხს ჩვენი საერთო უსაფრთხოებისთვის. საქართველოს წვლილი ავღანეთის ოპერაციებში იყო შეუფერხებელი და უწყვეტი. მოკავშირეები ასევე მიესალმებიან საქართველოს ჩართულობას ნატო-ს სწრაფი რეაგირების ძალებში. აღნიშნული ძალისხმევა, ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე ოპერაციებში საქართველოს მონაწილეობის ჩათვლით, წარმოაჩენს საქართველოს მზაობას და უნარს წვლილი შეიტანოს ევროატლანტიკური უსაფრთხოების განმტკიცების საქმეში.
9. მოკავშირეები კიდევ ერთხელ ადასტურებენ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის სრულ მხარდაჭერას, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ისინი მიესალმებიან საქართველოს მიერ ძალის გამოუყენებლობის შესახებ აღებულ ვალდებულებას და მოუწოდებენ რუსეთს გადადგას შემხვედრი ნაბიჯი ამ მიმართულებით. ისინი მოუწოდებენ რუსეთს, შეცვალოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების გადაწყვეტილება და გაიყვანოს მისი შეიარაღებული ძალები საქართველოდან. მოკავშირეები არ ცნობენ საქართველოს აფხაზეთის რეგიონსა და რუსეთს შორის 2014 წლის ნოემბერში და საქართველოს სამხრეთ ოსეთის რეგიონსა და რუსეთს შორის 2015 წლის მარტში გაფორმებულ ე.წ. ხელშეკრულებებს. აღნიშნული დოკუმენტები მიმართულია საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ და უხეშად ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლისა და ეუთო-ს პრინციპებს და რუსეთის მიერ ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებებს. მოკავშირეები დადებითად აფასებენ საქართველოს მიერ ევროკავშირის შუამავლობით გაფორმებული 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ზედმიწევნით შესრულებას და ნდობის აღდგენისკენ მიმართულ ძალისხმევას. მოკავშირეები მიესალმებიან გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფარგლებში შეხვედრების განახლებას. მოკავშირეები მოუწოდებენ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ყველა მონაწილეს, გადადგან კონსტრუქციული ნაბიჯები და, ასევე, განაგრძონ მჭიდრო თანამშრომლობა გაერო-სთან, ეუთო-სა და ევროკავშირთან, საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მიზნით.
10. ნატო-საქართველოს კომისიის სხდომის მონაწილე მინისტრები მოუთმენლად ელიან ჩრდილოატლანტიკური საბჭოს მუდმივი სესიის გამართვას საქართველოში მიმდინარე წლის შემოდგომაზე, რომელიც ხაზს გაუსვამს საქართველოსადმი ნატო-ს პოლიტიკურ და პრაქტიკულ მხარდაჭერას და შექმნის საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესის შეფასების შესაძლებლობას.