მამაკაცი, რომელიც ვარკეთილში, შუამთის ქუჩაზე ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში ჩაიკეტა და უმისამართოდ ისროდა, დაკავებულია.
ამის შესახებ ჟურნალისტებს საპატრულო პოლიციის უფროსმა ვაჟა სირაძემ განუცხადა.
„მამაკაცი დაკავებულია. ის პოლიციას თავად ჩაბარდა. მოლაპარაკებები რამდენიმე საათი მიმდინარეობდა. საცხოვრებელი სახლიდან უსაფრთხოდ გამოვიყვანეთ. როგორც ცნობილია, ის ალკოჰოლის ძლიერი ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა. ოპერაციის შედეგად არავინ დაშავებულა“, – აცხადებს სირაძე.
არსებული ინფორმაციით, მამაკაცი ნასვამ მდგომარეობაში იყო და ოჯახის წევრებთან კონფლიქტის შემდეგ დაიწყო ცეცხლსასროლი იარაღიდან უმისამართოდ სროლა.
პოლიცია მოლაპარაკებებს ტელეფონით აწარმოებდა. ადგილზე მიიტანეს ტექნიკა, რომლის საშუალებით დაკეტილი კარის გაღებაა შესაძლებელი. ძალის გამოყენაბა სპეცრაზმს არ დასჭირდა.
მეზობლების ინფორმაციით, მამაკაცი მონადირეა და შესაბამისად კარგად სროლაც ეხერხება.
შეგახსენებთ, ვარკეთილში შუამთის ქუჩაზე სპეცოპერაცია დაახლოებით ხუთი საათის განმავლობაში გრძელდებოდა.