LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ვარდისფერი ოქტომბერი” თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში

540
თსსუ

ძუძუს კიბო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული არაგადამდები დაავადებაა, მაღალია სიკვდილიანობის მაჩვენებელი, რომლის მნიშვნელოვან გამომწვევ მიზეზს დაგვიანებული დიაგნოსტიკა წარმოადგენს.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი ტრადიციულად უერთდება „ვარდისფერი ოქტომბრის“ ძუძუს კიბოს ცნობადობის ამაღლების კამპანიას, რომლის მიზანი სიმპტომების ნაადრევი აღმოჩენის, თვითშემოწმებისა და სკრინინგული კვლევების შესახებ საზოგადოების ინფორმირებაა.

სწორედ ამ მიზნით 12 ოქტომბერს  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში გაიმართა შეხვედრა თემაზე „ერთად დავამარცხოთ ძუძუს კიბო”.

ღონისძიების ორგანიზატორები იყვნენ: დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი; საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო; ქალთა ორგანიზაცია;  ეროვნული სკრინინგ ცენტრი; თსსუ-ის სტუდენტებთან და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობისა და კარიერული განვითარების სამსახური და სტუდენტური თვითმმართველობა.

შეხვედრის მთავარ გზავნილს წარმოადგენდა ძუძუს კიბოს სკრინინგის პროგრამებში მონაწილეობისკენ მოწოდება. შეხვედრაზე დარგის სპეციალისტებმა საქართველოს პარლამენტის წევრებთან: ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტისა და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის წევრთან, ქალბატონ ირმა ზავრადაშვილთან და  აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარესთან, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის წევრთან, ქალბატონ ნინო წილოსანთან ერთად ისაუბრეს სკრინინგისა და ნაადრევი დიაგნოსტირების მნიშვნელობაზე;  დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს სტუდენტებს საქართველოში მოქმედი „დაავადებათა ადრეული გამოვლენისა და სკრინინგის“ სახელმწიფო პროგრამაზე, სკრინიგ ცენტრებსა და იქ  არსებულ სერვისებზე,  ასევე, სამკურნალო პროგრამებსა და მათ  დაფინანსებაზე.

დადგენილია, რომ სკრინინგ პროგრამაში მოსახლეობის 70%-ის ჩართულობა ძუძუს კიბოთი გამოწვეულ ლეტალობას 30%-ით ამცირებს, ამდენად, ადრეული დიაგნოსტიკა, კიბოს პრევენციის საუკეთესო საშუალებაა.

,,ამ კამპანიის მიზანია გააქტიურდეს ძუძუს კიბოს პრევენციული ღონისძიებების გატარება, რადგან ისინი არა მხოლოდ  განკურნების, არამედ სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესების გარანტიაცაა. დროული დიაგნოსტირება ამცირებს ქვეყნის ჯანდაცვის ხარჯებს და უზრუნველყოფს მოსახლეობის კეთილდღეობას. ამ მიმართულებით სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებს დიდი პასუხისმგებლობა გენიჭებათ. თქვენ უნდა მიაწოდოთ საზოგადოებას სწორი ინფორმაცია და ხელი შეუწყოთ მოქალაქეებს პრევენციული ზომების მიღებისკენ, რომელიც უამრავი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენის გარანტი იქნება“- აღნიშნა საქართველოს პარლამენტის წევრმა ირმა ზავრადაშვილმა.

აღსანიშნავია, რომ ღონისძიება პანელური დისკუსიის ფორმატში მიმდინარეობდა. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებმა გამოთქვეს საკუთარი მოსაზრებები პროგრამის მიმდინარეობასთან დაკავშირებით და დაადასტურეს კამპანიაში აქტიურად ჩართვის  სურვილი.