ფიქრის გორაზე მცხოვრები მოქალაქეები ვარაზის ხევზე გზის საფარის შეეცვლას და ქვაფენილის ნაცვლად ასფალტის დაგებას ითხოვენ. ადგილობრივები დიდი ოდენობით მტვერსა და ხმაურს უჩივიან. მათ თბილისის მერიას სპეციალური წერილითაც მიმართეს. მიუხედავად ადგილობრივი მაცხოვრებლების სურვილისა, გზის საფარის შესაცვლელად მერია გადაწყვეტილებას მხოლოდ მოქალაქეების სრული კონსესუსის შედეგად მიიღებს. კონსესურის არსებობის შემთხვევაშიც კი, როგორც „ფორტუნას“ თბილისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურში განუცხადეს, ვარაზის ხევზე გზის საფარის შეცვლა მიმდინარე წელს სავარაუდოდ მაინც ვერ მოხდება. ამის არგუმენტად კი კეთილმოწყობის სამსახურის უფროსს გივი კუბლაშვილს მიმდინარე წელს ზაფხულში პეკინის ქუჩაზე დაგეგმილი გზის მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები მოჰყავს. მასთან ერთად კი კუბლაშვილის თქმით, ვარაზის ხევზე სამუშაოების ჩატარება ქალაქში გადაადგილებას გაართულებს და საცობებს შექმნის. მისი ინფორმაციით, ვარაზის ხევზე გზის საფარის შესაცვლელად ზაფხულის გარდა, წელიწადის სხვა სეზონი არაა ხელსაყრელი.
ხალხმა თქვას: კი ან არა, ოღონდ წელს არა
„ჩვენ არცერთი ნაბიჯი არ გადაგვიდგამს და არც ვაპირებთ, თუ არ იქნება მოქალაქეების მზაობა. ადგილობრივები კი ითხოვენ, მაგრამ ჩვენ ვაპირებთ გამოკითხვა ჩავატაროთ, სადაც ჩაერთვება ნებისმიერი ადამიანი და საკუთარ აზრს დააფიქსირებს. გამოკითხვაში ერთი და იგივე ადამიანი რამდენჯერმე ხმის მიცემას ვერ შეძლებს. ეს სავარაუდოდ ვებ-გვერდზე დაიდება. ვვარაუდობ, რომ ამის ორგანიზება ორ თვეს არ გასცდება. ჩვენი სურვილია, რომ დავეხმაროთ მოსახლეობას. თუ იქნება მთლიანად ქალაქი მზად, მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიცვლება გზის საფარი ვარაზის ხევზე. მთავარია აქ ხალხმა თქვას ან კი ან არა. მსგავსი აზრთა სხვადასხვაობა იყო ელბაქიძის აღმართის შემთხვევაშიც. თუ იქნება მზაობა ამ შემთხვევაშიც მოდიფიცირებული ასფალტი დაიგება. სამუშაოებში დაახლოებით ერთ მილიონ ლარამდე დაიხარჯება. წელს მაინც ვერ შევძლებთ რომც იყოს თანხმობა“, – აღნიშნა გივი კუბლაშვილმა „ფორტუნასთან“ საუბრისას. ვრცლად