LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ვარაუდებზე სასამართლო განაჩენს ვერ გამოიტანს” – ადვოკატი დარწმუნებულია, რომ შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულებს გაამართლებენ

242
შაქარა

19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის საქმეზე მცხეთის რაიონულ სასამართლოში პროცესები მიმდინარეობს. საქმეზე დაკავებულ 5 პირს, ვახტანგ ჩიქოვანს, არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილსა და ორ არასრულწლოვანს ა.ქ.-სა და ზ.ხ.- ს ბრალი დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ჯგუფურად ჩადენა ბრალდებათ.

შაქარაშვილის საქმეზე 6 პირს განაჩენი გამოუტანეს

სასამართლო პროცესებს არ ესწრებიან შაქარაშვილის ოჯახის წევრები და არც ოჯახის ადვოკატი. გარდაცვლილის დედამ თამუნა შალვაშვილმა განაცხადა, რომ პროცესებს არ დაესწრება, რადგან არ უნდა მისი შვილის მკვლელები ნახოს სასამართლო დარბაზში.

„ფორტუნა“, ოჯახის ადვოკატსა და გარდაცვლილის ბიძას, მირიან ნიკოლაძეს ესაუბრა იმის გასარკვევად, თუ როდის დადგება გამამტყუნებელი განაჩენი საქმეზე.

„განაჩენის გამოტანისთვის კანონით განსაზღვრულია ცხრა თვე. ამ დროის განმავლობაში ყველა საგამოძიებო ქმედება უნდა ამოიწუროს. თუ ამ დროის განმავობაში არ მოხდა განაჩენის გამოტანა, მაშინ უნდა გაუშვან პატიმარი და მერე თავიდან დასაჭერი ხდება ხოლმე. მაგრამ მოცემულ შემთხვევაში ეს საფრთხე არ არსებობს, ვიცი, რომ ცხრა თვეში ჩაეტევიან. მარტის 20 რიცხვამდე მოხდება განაჩენის გამოტანა.  სასამართლო პროცესს ოჯახი არ ვესწრებით. იქ მიმდინარე ამბებს პრესითა და ტელევიზიით ვიგებთ ხოლმე“, – განუცხადა „ფორტუნას“ მირიან ნიკოლაძემ.

საზოგადოებას აქვს შეკითხვები,  ბრალდებულების ადვოკატებთან, რომლებიც თავიანთი დაცვის ქვეშ მყოფების უდანაშაულობაში დარწმუნებულები არიან.

„ფორტუნა“ არჩილ გაგნიძის ადვოკატს ვასილ მამულაშვილს დაუკავშირდა იმის გასარკვევად, თუ რატომ არიან დარწმუნებული  ხუთი ბრლდებულის ადვოკატები მათ უდანაშაულობაში და თუ არა მათ, სხვას ვის შეეძლო დანაშაული ჩაედინა. 

დაიკითხა რამდენიმე მოწმე, რომელიც არ იძლევა საქმისათვის საჭირო მნიშვნელოვან ინფორმაციას. ანუ არც ერთმა მოწმემ სასამართლო პროცესზე არ გვაწვდის ინფორმაციას, როგორ გარდაიცვალა შაქარაშვილი. შესაბამისად ის მოწმეები არიან არარელევანტურები.

რატომ ხართ დარწმუნებული თქვენი დაცვის ქვეშ მყოფის უდანაშაულობაში, მაშინ როდესაც ბევრი რამ მიუთითებს, რომ ხუთი ბრალდებული დამნაშავეა?

ბევრი რამ რომ მიუთითებს მათ დანაშაულს, ეს არის პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის შედეგი. მათ გაავრცელეს ამბავი, რომელსაც რეალობასთან არავითარი კავშირი  აქვს.

საქმეში არ დევს არანაირი მტკიცებულება, რომელიც რაიმე შემხებლობას ადასტურებს ჩემი დაცვისქვეშ მყოფსა და გიორგი შაქარაშვილს შორის. არც ერთი მოწმე არ ამბობს, რომ დაინახა როგორ სცემდა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი  შაქარაშვილს.  ექსპერტიზის დასკვნაში წერია, რომ ის ასფიქსიის შედეგად გარდაიცვალა.

ამავე ექსპერტიზის დასკვნაში წერია, რომ მას აქვს დაზიანებები, რომელის სიცოცხლეში მიიღო და ის არ განვითარდებოდა დაცემისგან, ან წყალში ჩავარდნის შედეგად.

კი ბატონო, მაგრამ იქ მითითებული არაა, ვის ან რის შედეგად შეიძლება ეს დაზიანებები განვითარებულიყო.

თუ არაა დამნაშავე ეს ხუთი ბრალდებული, დაცვის მხარეს რა არგუმენტი აქვს, ვინ მიაყენა ეს დაზიანებები გიორგი შაქარაშვილს?

ადვოკატები ამ თემაზე ვერ ვისაუბრებთ. ამ კითხვაზე გამოძიებამ უნდა გასცეს პასუხი, ეს მათი პრეროგატივაა. საქმეში არ არსებობს მტკიცბულება, რომ დაკავებულებმა სცემეს და წყალში გადააგდეს შაქარაშვილი.

არსებობს კადრები, როგორ გადადიან ხიდზე ბიჭები. შემდეგ ვხედავთ კადრებს, როგორ გადმოდიან გაბრაზებული ბიჭები მანქანიდან და როგორ მისდევენ ხიდზე მყოფებს. ლოგიკურად რომ ვიმსჯელოთ, ვის უნდა ეცემა შაქარაშვილი და ვის უნდა ჩაეგდო ის წყალში?

ლოგიკა სამართალთან კავშირში ვერ იქნება. იმისათვის, რომ გამამტყუნებელი განაჩენი დადგეს, საჭიროა მტკიცებულებები.

თქვენთვის ეს არაა მტკიცებულება?

არა.

გჭირდებათ სიბნელეში გადაღებული კადრები, იმის დასადგენად, ვინ ურტყამდა შაქარაშვილს?

მჯერა, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი უდანაშაულოა და რომ მას ეს დანაშაული არ ჩაუდენია. წინააღმდეგ შემთხვევაში დაცვას არ განვახორციელებდი.

რა მტკიცებულებები გაქვთ ამისთვის?

მტკიცებულებების არ არსებობს გამო. გამამტყუნებელი განაჩენი რომ დადგეს, ამისთვის მტკიცებულებები უნდა არსებობდეს და ლოგიკა, რასაც თქვენ მეუბნებით, ესაა ვარაუდი. მისდევდა? აბა, სხვა ვინ იქნებოდა. ეს მხოლოდ ვარაუდია. ვარაუდებზე კი სასამართლო განაჩენს ვერ გამოიტანს.

ამ პირებს ედავებიან ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობას. იმისათვის, რომ დანაშაულის შემადგენლობა დადგეს, აუცილებელია შედეგი, გარდაცვალება, რომელიც ჩვენ სახეზე გვაქვს. მეორე – აუცილებელია პირთა ქმედებები. ქმედებები უნდა გამოიხატოს პირთა მოქმედებებში. კამერა არ იყო, მოწმე არ იყო, კვალი არ დარჩა და რომ გვიჭირს, ამიტომ ესენი არიან დამნაშავეები, ეს არის აბსურდული ვერსია, რომელსაც არანაირი პერსპექტივა არ გააჩნია.

არ არსებობს მოწმეთა ჩვენებები. არ არსებობს ექსპერტიზა, მათ შორის ბიოლოგიური, რომელიც ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის შაქარაშვილთან შემხებლობას დაადასტურებდა. არ არსებობს არც ანაბეჭდები და არც ნიადაგის ექსპერტიზა, რომელიც რაიმე შემხებლობას დაადასტურებდა და გავაგრძელოთ იმ ვარაუდზე საუბარი, რაც სამწუხაროდ პროკურატურამ გაავრცელა – აბა, სხვა ვინ იქნებოდა, აბსურდულია.

რას იტყვით ვარაუდზე, რასაც ბრალდებულების ახლობლები ამბობენ, რომ შაქარაშვილი მისმა მეგობრებმა სცემეს და შესაბამისად წყალშიც მათ გადააგდეს…

დაცვის მხარე ვერანაირ ვარაუდზე ვერ ისაუბრებს. ვამტკიცებთ მხოლოდ იმას, რომ ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფებს  არ ჰქონიათ შაქარაშვილთან არანაირი შემხებლობა და მათ მისთვის არანაირი დაზიანებები არ მიუყენებიათ. მათ შაქარაშვილი საერთოდ არ უნახავთ და შესაბამისად არავინ წყალში არ გადაუგდიათ. თუ ამის მტკიცებულებები იქნება, ჩვენც აგერ ვართ. მაგრამ საქმის 12-ივე ტომს კარგად ვიცნობ და ვიცი, რომ ამის არც ერთი მტკიცებლება არ არსებობს.

ფიქრობთ, რომ თქვენი დაცვის ქვეშ მყოფისთვის გამამართლებელი განაჩენი დადგება?

რა თქმა უნდა, ამაში დარწმუნებული ვარ. შეგიძლიათ, ჩანაწერი შეინახოთ  და დაახლოებით მარტის თვეში მოვისმინოთ, რომ ახლა ამას ვამბობ. საზოგადოება გაიგებს რეალობას.

და რეალობა რა არის?

ის, რომ ამ ადამიანების დაკავება არ უნდა მოეხდინათ.

მკვლელებს არ ჩამოუვარდებით – შაქარაშვილის დის მიმართვა