“ამ ეტაპზე, ვაქცინის მოთხოვნილება უკვე სჭარბობს მიწოდებას და ეს როგორმე უნდა დავაბალანსოთ”, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე და ქვეყანაში მიმდინარე ვაქცინაციის პროცესზე ისაუბრა.
ამირან გამყრელიძის განცხადებით, დღეს იქნება იმუნიზაციის საბჭო, რომელზეც მრავალ მნიშვნელოვან საკითხს განიხილავენ, მათ შორის შესაძლოა, “ასტრაზენეკასთან” დაკავშირებით ასაკობრივი შეზღუდვა გადაიხედოს.
“დღეს იქნება იმუნიზაციის საბჭო, სადაც რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი იქნება განხილული, მათ შორის “ასტრაზენეკაზე” ასაკის დაწევის საკითხი, მათ შორის “სინოვაკის” ადმინისტრირების დაწყების საკითხი, იმიტომ, რომ დღევანდელ ეტაპზე, უკვე მოთხოვნილება სჭარბობს მიწოდებას და ჩვენ ეს როგორმე უნდა დავაბალანსოთ.” – თქვა გამყრელიძემ.
მისივე თქმით, გუშინ დღიურად ყველაზე მეტი ადამიანი – 4 689 ადამიანი აიცრა, თუმცა საკმარისი არ არის და ჯანდაცვის სექტორის მიზანია, ეს მაჩვენებელი ივნისში 7-8 ათასამდე გაიზარდოს:
“გუშინ ჩვენ გვქონდა 24 საათში ყველაზე მაღალი ვაქცინაციის ციფრი – 4 689, რომელიც, პრინციპში, პროგრესულია, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. მაის-ივნისში გვინდა, რომ იყოს ყოველმხრივი დამყოლობა, რომ ჩვენ ავიდეთ 7-8 ათასზე ივნისში. მაისში რომ ავიდეთ დღიურ მაჩვენებელზე 6 000-ზე, ეს იქნება ძალიან კარგი.
ამ შემთხვევაში ვაქცინის ის რაოდენობა რომელიც ქვეყანაშია და რომლის შემოსვლაც ნამდვილად დადასტურებულია, იძლევა იმის საშუალებას, რომ ივნისის ბოლომდე ჩვენ გვქონდეს დაახლოებით ვაქცინის 358 000-მდე დოზა, საიდანაც 67-68 ათასამდე უკვე ათვისებულია და დანარჩენი აქტიურად უნდა იქნეს ადმინისტრირებული”. – განაცხადა გამყრელიძემ.