იმუნიზაციის საბჭოს ხელმძღვანელი ივანე ჩხაიძე ამბობს, რომ შემთხვევითი არაა ბოლო დღეებში ვაქცინირებულთა ყოველდღიური მაჩვენებლის მატება. მისი გაცხადებით, დღიურად ჩატარებული აცრების დადებითი დინამიკა „მწვანე პასპორტების“ სისტემის ამოქმედებას უკავშირდება.
“ჩვენ, 5 დღის წინ, დღიურად, 1 200 ვაქცინირებულიდან დავიწყეთ და დღეს 7 000-ზე მეტია. ყოველდღიურად მზარდი რაოდენობაა. ეს არ შეიძლება შემთხვევითი იყოს. აბსოლუტურად დარწმუნებულები ვართ, რომ ამაში ძალიან მნიშვნელოვანი, თუ არა – გადამწყვეტი, როლი ითამაშა სწორედ „მწვანე პასპორტების“ სისტემის შემოღებამ“, – აცხადებს ივანე ჩხაიძე.
ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 7 800-მა ადამიანმა გაიკეთა. სულ ქვეყანაში 2 041 209 აცრა გაკეთდა.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 780 391 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 711 105, გარდაიცვალა 10 894 პაციენტი.
შეგახსენებთ, საქართველოში ე.წ „მწვანე პასპორტის“ კონცეფცია 1-ლი დეკემბრიდან ამოქმედდება. ამასთან, მიღებულია გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, 200-ლარიან ერთჯერად საპენსიო დანამატს მიიღებს თითოეული პენსიონერი, რომელიც ვაქცინაციას 2022 წლის 1-ელ იანვრამდე ჩაიტარებს.