ვაქცინაციის მარათონის ფარგლებში, ერთ კვირაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 1200-მდე პირი აიცრა.
“კარდაკარ ჩამოვლა ხდება და მოწვევა. რომ გითხრათ, ძალიან დიდია აქტივობა, არა, მაგრამ მარტო აცრა არ არის სამიზნე” – აცხადებს გამყრელიძე
როგორც ამირან გამყრელიძე განმარტავს, სამიზნე არის კიდევ მეტი ინფორმაციის მიტანა სოფლის მოსახლეობასთან. თითოეულ ამ სოფელში მოსახლეობის 10-15 პროცენტი არის აცრილი, ძირითადად მუნიციპალურ ცენტრებში ჩასვლით. ჩვენ დამატებით 1200-მდე ადამიანი ავცერით. მარათონი დაწყებულია შიდა და ქვემო ქართლში, ასევე დაიწყო კახეთში, მცხეთა-მთიანეთში.
„ქვეყნის 49 დიდი სოფელში, სადაც 3 ათასზე მეტია მოსახლეობა, იქ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის, სამინისტროს წარმომადგენლები, ადგილობრივი ხელისუფლება, საზოგადოებრივი ჯანდაცვა ატარებს მოსამზადებელ სამუშაოებს. კარდაკარ ჩამოვლა ხდება და მოწვევა. რომ გითხრათ, ძალიან დიდია აქტივობა, არა, მაგრამ მარტო აცრა არ არის სამიზნე” – აცხადებს გამყრელიძე.
მისი თქმით ის ოთხშაბათს სამცხე-ჯავახეთის დიდ სოფლებში წავა და შემდეგ დასავლეთ საქართველოს ეწვევა.
გამყრელიძის განცხადებით, მარათონი იმერეთში დღეს დაიწყო, სადაც პაატა იმნაძე და ხათუნა ზახაშვილი იმყოფებიან.
“აჭარაში დაწყებულია ადგილობრივი საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის და სამინისტროს ძალებით, ალბათ, არჩევნების შემდეგ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრიც იქნება წარმოდგენილი“,- აღნიშნავს გამყრელიძე.
მისივე ინფორმაციით, მოსახლეობა უარს იმუნიზაციაზე რამდენიმე მიზეზით ამბობს, მათ შორის, არის აცრის შიში. როგორც გამყრელიძე განმარტავს, მთავარი პრობლემა მოსახლეობასთან იმუნიზაციის მნიშვნელობაზე ნაკლები კომუნიკაციაა.
“ისევ და ისევ ფიქრობენ, რომ კორონავირუსი არ არის განსაკუთრებული დაავადება, გრიპია, სურდო, გადაიტანენ და იმუნიტეტი ექნებათ.” – აცხადებს გამყრელიძე
„საჭიროა მოსახლეობასთან მეტი კომუნიკაცია. ძირითადი წინააღმდეგობა და ბარიერი არის აცრის შიში, ჩვენ ვიცით, რომ აცრები ძირითადად ბავშვთა ასაკში ტარდება და ხანდაზმულებს, მოზრდილებს რატომ გვჭირდებაო. ნაკლები აქვთ ინფორმაცია, ისევ და ისევ ფიქრობენ, რომ კორონავირუსი არ არის განსაკუთრებული დაავადება, გრიპია, სურდო, გადაიტანენ და იმუნიტეტი ექნებათ.
ასევე არის სხვადასხვა მითი, რომ გართულებებს მოგვცემს. საუბარია უშვილობაზე, რეპროდუქციულ სისტემაზე, სხვადასხვა დაავადების განვითარებაზე. ამბობენ, რომ ვაქცინირებულებიც ავადდებიან და რატომ შველის ვაქცინა, თუმცა, როდესაც ავხსნით, რომ ვაქცინირებულებში სიკვდილი, ჰოსპიტალში და რეანიმაციაში მოთავსების რისკი დაბალია, შეიძლება დაითანხმო“,- აღნიშნავს გამყრელიძე.
ცნობისთვის, ვაქცინაციის მარათონი 18 ოქტომბერს დაიწყო.