LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვაქცინაცია არ განიხილება, როგორც ჩიპიზაცია: მეუფე ანტონი სინოდის სხდომაზე განხილულ საკითხებზე საუბრობს

110
FORTUNA.GE-

“ჩვენ გვინდა ადამიანებს მოვუხსნათ შეხედულება, რომ ვაქცინაცია არ განიხილება როგორც ჩიპიზაცია”, – წმინდა სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ, ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტმა მეუფე ანტონმა განაცხადა, რომ საპატრიარქოში დღეს გამართულ სხდომაზე ვაქცინაციის საკითხი განიხილეს.

მეუფე ანტონი ამბობს, რომ მათი მხრიდან, არ მოხდება ადამიანების გარჩევა იმის მიხედვით, თუ ვინ გაიკეთებს ვაქცინას და ვინ არა:

“ეს ბიოლოგიური და მედიცინის საკითხია. ჩვენი მხრიდან არანაირი განსხვავება არ იქნება მათი, ვინც აცრას გაიკეთებს და არ გაიკეთებს.” – განაცხადა მეუფემ.

მისივე თქმით, სხდომაზე ასევე ისაუბრეს დავით გარეჯთან დაკავშირებულ საკითხზეც. მეუფე ამბობს, რომ ეკლესიისადმი მტრულად განწყობილი ძალები ბოლო დროს განსაკუთრებით გააქტიურდნენ:

“ჩვენ ვისაუბრეთ დავით გარეჯის საკითხზე. არგუმენტებით გაჯერებული მოხსენება წაიკითხა მეუფე დავით ალავერდელმა. ცალსახაა, ვიღაცას უნდა დაგვაჯეროს, რომ ეს ასე არაა, მაგრამ ყველა მცდელობა დასრულდება მარცხით, რადგან იმ არგუმენტებს ვერავინ წაუვა, რაც არსებობს. ეს დაწერილია და განმტკიცებულია დროში. ბოლო დროს ძალიან მომძლავრდა ეკლესიისადმი მტრულად განწყობილი ძალების გააქტიურება.

არ ვიცი ამათ სამშობლო, ქვეყანა უყვართ თუ არა, რისი თქმა სურთ, ვითომ მამხილებელი არიან, მაგრამ გველმა ბულბული რომ დაირქვას, ამით ზნეს არ იცვლის, გინდა თეოლოგი დაირქვი, გინდა ასოციაცია, ასეთი ადამიანები უფრო მეტს აკეთებენ იმისთვის, რომ ეკლესიაში არ მოვიდეს ახალგაზრდობა.ზოგადად თეოლოგის დანიშნულებაა, ადამიანებს ღმერთი შეაყვაროს და ესენი პირიქით, ღმერთთან მისასვლელ ყველა გზას უკეტავენ”. – განაცხადა მეუფემ.

წმინდა სინოდის სხდომა საპატრიარქოში დღეს გაიმართა. სხდომის დასრულების შემდეგ საპატრიარქოს პრესსპიკერმა განაცხადა, რომ განიხილეს საკითხები, რომელიც ზნეობის კუთხით შეფასდა.

სინოდის სხდომა დასრულდა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები