“მოვდივართ, ვაპროტესტებთ ნაადრევ ქორწინებას და გოგოების ძალით მოტაცებას” – ასეთია მუსლიმი ახალგაზრდების მიერ დაწყებული კამპანიის Salam შინაარსი. ისინი ამ ფორმით გარდაბნის სკოლის მასწავლებელს, ჰამიდ სადიკოვს მხარდაჭერას უცხადებენ.
“სალამ, ჩვენ მოვედით, მოვედით, რათა გავაჟღეროთ ჩვენი საზოგადოების და თემის საკითხები, მოვედით, რათა ვიბრძოლოთ უსამართლობის წინააღმდეგ. მოვდივართ, რათა გავაპროტესტოთ ნაადრევი ქორწინება და გოგოების ძალით მოტაცება.
მოვედით, რათა მხარი დავუჭიროთ ჩვენს მასწავლებლებს, ექიმებს, მეცნიერებს, ინჟინრებს. მოვდივართ, რათა დავიცვათ ჩვენი ისტორია და კულტურა, ჰამიდ, შენ მარტო არ ხარ… ნუ ეხები მასწავლებელს, სათქმელი თუ გაქვს, მე მითხარი, მე ჰამიდი ვარ, ჩვენც ჰამიდი ვართ” – ამბობენ ვიდეომიმართვის მონაწილეები.
https://www.facebook.com/SalamGeorgia/videos/550429732439816/
შეგახსენებთ, ჰამიდ სადიკოვმა თავისი მოსწავლე გოგოს მოტაცების ფაქტი სოციალურ ქსელში გაასაჯაროვა და პოსტში ადრეულ ასაკში ქორწინებაც გააპროტესტა. სადიკოვი წერდა, რომ თემში ამ მავნე ჩვეულებას უხუცესები იწონებენ. სტატუსი გამოქვეყნებიდან რამდენიმე საათში გაქრა. აღმოჩნდა, რომ გეოგრაფიის მასწავლებლის ამ პოსტის შემდეგ, სოფლის ცენტრში ბოდიში მოახდევინეს, ყველაფერი ტელეფონით გადაიღეს და მასწავლებლის დისკრედიტაციის მიზნით, ვიდეო სოციალურ ქსელში გამოაქვეყნეს.
შსს-მ გამოძიება სსკ-ის 150-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც იძულებას გულისხმობს. იმ შემთხვევაში, თუკი შსს დამნაშავეებს დაადგენს,ისინი ჯარიმით, გამასწორებელი სამუშაოთი ან შინაპატიმრობით დაისჯებიან.