ვანში 150 წლის სახლს საოჯახო სასტუმროდ გადააკეთებენ. როგორც ”ფორტუნას” სახლის მფლობელმა და ახალგაზრდა მეწარმემ ლილი პაიკიძემ განუცხადა, სასტუმრო ძირითადად უცხოელ ტურისტებზე იქნება გათვლილი.
”ვფიქრობ, საინტერესო პროექტი გამოვა. სახლი 150 წლისაა და თავისი სპეციფიკით ხასიათდება. პირველი სართული არის ქვით ნაშენი, მეორე კი – მთლიანად ხეშია. მის სასტუმროდ გადაკეთებას და სრულად მოწყობას დაახლოებით 50-დან 60 ათას ლარამდე დასჭირდება. თუმცა, მინიმალურ დონეზე მოსაწყობად, საწყის ეტაპზე 15 ათასი ლარიც მეყოფა”, – აღნიშნა პაიკიძემ.
მისივე ინფორმაციით, საოჯახო სასტუმრო საკუთარ დამსვენებლებს კვებასაც შესთავაზებს. სახლის შენობაშივე მოეწყობა სასტუმრო და დაგეგმილია, მარნის მშენებლობაც. ”თავიდან, ყოველგვარი მიშენებების გარეშე, სასტუმრო შეძლებს 10 სტუმრის მიღებას. ინტერიერი ძველ სტილში მოეწყობა. მაქვს უძველესი ავეჯი, რომელსაც რესტავრაცია ჩაუტარდება”, – აღნიშნა დამწყებმა მეწარმემ.
ცნობისთვის, ლილი პაიკიძე ახალგაზრდების დასაქმების ახალ პროგრამაში „ახალგაზრდების სამეწარმეო უნარ-შესაძლებლობების, დასაქმებისა და შემოსავლის გენერირების მხარდაჭერის პროექტი საქართველოში” მონაწილეობს და დაფინანსების მოპოვებას ელის.