LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვანო მთვრალაშვილი: “თუ აქციზის და დღგ-ს გადასახადს საერთოდ გავანულებთ, შესაძლებელია, საწვავის ფასი 1 ლარითაც შემცირდეს”

118
5f6d8ce3cd4b0

საქართველოში საწვავის ფასი ისტორიულ მაქსიმუმზეა. სუპერის ტიპის ბენზინის და დიზელის ფასმა 4 ლარს გადააჭარბა.

საქართველოში მოქმედ ბენზინგასამართ სადგურებში, ყველაზე მოთხოვნადი – რეგულარის ტიპის საწვავი 3, 75 ლარიდან 3,80 ლარის ფარგლებშია.

ქვეყანაში არსებული ინფლაცია, ფასების ზრდა – ეს იმ საკითხთა ნაწილია, რომელიც დღეს, ირაკლი ღარიბაშვილმა მინისტრთა კაბინეტთან ერთად მთავრობის სხდომაზე განიხილა.

ცნობილი გახდა, რომ აქციზის გადასახადის გაუქმება და დღგ-ს გადასახადის მცურავ რეჟიმზე გადაყვანა ვერ მოხერხდება.

წელს საწვავზე აქციზი და დღგ ვერ შემცირდება – ხუციშვილი

ღარიბაშვილი: საწვავის ფასებზე აქციის უკან „ნაციონალური მოძრაობა” იდგა

საწვავის ფასთან და პროგნოზებთან დაკავშირებით რადიო „ფორტუნას“ ეთერში გადაცემაში „დღის თემა“ ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე ვანო მთვრალაშვილმა ისაუბრა.

როგორც მან აღნიშნა, ფასების მატება საერთაშორისო ფასის რეკორდულმა ზრდამ გამოიწვია.

„ვითარება საწვავის ფასთან დაკავშირებით არის ძალიან რთული. იმპორტირებული პროდუქტის საერთაშორისო ფასი, მაგალითად, დიზელის საწვავის შემთხვევაში 1230 დოლარია, მინდა გითხრათ, რომ ეს არის საშუალოდ 50%-ით მომატებული ფასი, ბოლო ერთი თვის განმავლობაში. ხედავთ ხომ რა მასშტაბის მატებაზეა საუბარი?

ბენზინის საწვავის ფასი შედარებით უფრო ნაკლებით არის მომატებული, საშუალოდ არის 22%-იანი მატება.

რომ წარმოვიდგინოთ: პროდუქტი იმპორტიორმა კომპანიამ იყიდა ამ ფასში. ფაქტობრივად, შეიძლება ითქვას, რომ დღეს ბაზარი გადაჯერებულია ასეთი მაღალ ფასში ნაყიდი პროდუქტით. ლარის გაცვლითი კურსი არის 3 ლარი და 20 თეთრი. გადასახადებიც დაიბეგრა, შესაბამისად, ამ პროდუქტის თვითღირებულება მიმდინარე ეტაპზე, მაგალითად დიზელის შემთხვევაში, შეიძლება იყოს 4 ლარის ფარგლებში, შეიძლება ცოტა მეტიც.

ანუ, ძირითადი მიზეზი გახლავთ, სწორედ ეს-კატასტროფულად გაზრდილი საერთაშორისო ფასები, რაც სამწუხაროდ, იმ რეალობას ქმნის, რაც ჩვენს ქვეყანაშია.

მაგრამ მხოლოდ ჩვენ არ ვართ ამ მდგომარეობაში.

რუსეთ-უკრაინის ომმა, ნავთობის ფასებიდან გამომდინარე, შეერთებული შტატებიდან დაწყებული, ევროპის ქვეყნებშიც ყველგან გამოიწვია ნახტომისებული ფასების მატება.

ფასები აბსოლუტურად ყველგან არის მომატებული და რა თქმა უნდა საქართველოშიც.

რაც შეეხება აქციზის გადასახადის გაუქმებას და დღგ-ს გადასახადის მცურავ რეჟიმზე გადაყვანას, რაც გუშინ აქციის მონაწილეების მოთხოვნა იყო, როგორც ვიცით…

დღესვე მთავრობის მხრიდან კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი, რომ საქართველო ბენზინის გაიაფების მიზნით, გადასახადების შემცირებას არ აპირებს.

მოვისმინეთ ეკონომიკის მინისტრის განცხადებაც, რომ გადასახადების გაუქმება ადეკვატური ზომა არაა.

როგორ აფასებთ თქვენ ამ ინიციატივებს? რამდენად მოახდენს გავლენას გადასახადების შემცირება საწვავის ფასზე?

ჩვენ რომ განვიხილოთ ფაქტორები, რაც საწვავის ფასების სტაბილიზაციას შეუწყობს ხელს, ამ შემთხვევაში ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ორი ძირითადი კომპონენტი.

ეს არის პირველი ლარის გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებაში და საერთაშორისო ფასები.

თუ ლარი გამყარებას დაიწყებს და გამყარდება შეუქცევადად, ეს რა თქმა უნდა, საწვავის ფასებს დაასტაბილურებს.

დღეს კურსი არის 3,20, თუ ჩამოვიდა ქვემოთ და ბოლო დღეების განმავლობაში ვაკვირდებით, რომ ლარი მყარდება, ეს პროცესს დადებითი მიმართულებით შემოაბრუნებს.

რაც შეეხება გადასახადებს, თუ გადასახადებს შევამცირებთ, ის, რა თქმა უნდა, მყისიერად გამოიწვევს საწვავზე ფასების შემცირებას.

თუ აქციზის გადასახადს და დღგ-ს გადასახადს საერთოდ გავანულებთ, შესაძლებელია საწვავის ფასი 1 ლარითაც შემცირდეს.

მაგრამ, მეორე მხრივ ჩვენ დავკარგავთ გარანტირებულ საბიუჯეტო შემოსავლებს, რომელიც თავის მხრივ ხმარდება ძალიან ბევრ პრიორიტეტულ მიმართულებას.

ამიტომ ძალიან რთულია ამ გადასახედიდან ოქროს შუალედის პოვნა.

ერთი მხრივ, გაზრდილი ფასი, უკმაყოფილო მომხმარებელი და, რა თქმა უნდა, გაზრდილი ინფლაცია და მეორე მხრივ, საბიუჯეტო შემოსავლების დაკარგვა.

მე ვფიქრობ, რომ უკეთესი გამოსავალია თუ ლარი გამყარებას დაიწყებს და ამაზე ყველა ერთად იზრუნებს, ეს სახელმწიფოს შედარებით ნაკლებად მტკივნეულად გამოიყვანს.

რაც შეეხება პროგნოზებს, დღეს ლევან დავითაშვილმა თქვა, რომ მათ უშუალო ურთიერთობა აქვთ იმპორტიორებთან და არსებობს მოლოდინი, რომ ბაზარზე შეიძლება უფრო ნაკლებ ფასში შეძენილი საწვავი გამოჩნდეს. როგორც მან აღნიშნა, პიკური ფასები გადაივლის და ფასებიც დაიკლებს.

რა გვაძლევთ ამ შემთხვევაში ოპტიმიზმის საფუძველს?

როგორც ცნობილია მთავრობა რამდენიმე ქვეყანასთან მოლაპარაკებას აწარმოებს, რომელ ქვეყნებზეა საუბარი თუ გაქვთ ინფორმაცია და რამდენად აისახება ეს უშუალოდ საწვავის ფასზე, როგორია თქვენი მოლოდინი?

რაც შეეხება უშუალოდ მომწოდებელ ქვეყნებს, მოწოდების საკითხი ჩვენთან დივერსიფიცირებულია. ძირითადი მომწოდებლები არიან ევროპული ქვეყნები, ბულგარეთი, რუმინეთი, მათ შორის, თურქმენეთი, აზერბაიჯანი, საბერძნეთი და რა თქმა უნდა, რუსეთის ფედერაცია.

თუ ვსაუბრობთ ქვეყნებზე, საიდანაც შეიძლება ჩვენთან მნიშვნელოვანი ფასდაკლებით პროდუქტი შემოვიდეს, ვერ გეტყვით, თქვენი მსმენელი შეიძლება მიხვდეს თუ რომელი ქვეყნიდან შეიძლება იყოს.

სხვა შემთხვევაში, პროდუქტი მაინც მოდის საერთაშორისო ფასით.

რუსეთიდან საქართველოში შემოდის საწვავი, ბენზინი, დიზელი, არამარტო ჩვენთან, არამედ ევროკავშირის ქვეყნებშიც შედის, მართალია შეზღუდულად, თუმცა, შედის, იყიდება და იწარმოება.

იგივე ლოგიკით საქართველოშიც შემოდის რუსეთიდან პროდუქტი, შესაძლებელია ის გარკვეულწილად ფასდაკლებითაც იყოს, მაგრამ, მე ჩამოგითვალეთ სხვა ქვეყნებიც, საიდანაც მე მაგალითად, არ მგონია, რომ ასეთი დიდი და მნიშვნელოვანი ფასდაკლებით, წამოვიდეს პროდუქტი ჩვენთან.

ყოველ შემთხვევაში, მე არ ვარ საქმის კურსში რა მოლაპარაკებებზეა საუბარი, თუმცა ფაქტი არის ის, რომ დღეს ვითარება არის საკმაოდ რთული

დღეს, მიმდინარე ეტაპზე ბევრ კომპანიას, მათ შორის ბევრ ცნობილ კომპანიას ბრენდირებულსაც და არაბრენდირებულსაც ფასების სტაბილიზაცია უჭირთ. სამწუხაროდ, მათ უწევთ ფასების ზრდა და შეიძლება მომავალშიც გაზარდონ.

მაგრამ, თუ ასეთი პროდუქტი გამოჩნდა რაზეც თქვენ საუბრობთ, რა თქმა უნდა, ეს ბაზარს დადებითი მიმართულებით შეეხიდება,”-განაცხადა ვანო მთვრალაშვილმა რადიო “ფორტუნას” ეთერში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები