საქართველო ევროპას უერთდება: ჩვენს ქვეყანას სხვადასხვა დროს უამრავი სუპერვარსკვლავი სტუმრობდა და რა დონის კონცერტები თუ წარმოდგენები არ გამართულა, თუმცა თამამად შეიძლება ითქვას, რომ ბოლო პერიოდში ‘’დატრიალებული მოვლენები” მართლაც რომ ევროპული ნაწილის შთაბეჭდილებას ტოვებს. რაც აქამდე მხოლოდ ტელევიზიის საშუალებით იყო ხელმისაწვდომი, იმის ცოცხლად ნახვა სულაც არ წარმოადგენს ოცნების საგანს. ერთ-ერთი ასეთი გამორჩეული მოვლენა ვანესა მეის სტუმრობაა.
ზოგადად უნდა ითქვას, რომ გრანდიოზული ”ბლექ სი არენას” გამოჩენამ ხელ-ფეხი გაუხსნა მასშტაბური და მსოფლიო დონის წარმოდგენების გამართვას. ამ დიდებულ არენას თავისუფლად შეუძლია, პრეტენზია ჰქონდეს, რომ ერთ-ერთი საუკეთესოა მინიმუმ პოსტსაბჭოთა სივრცეში და სამომავლოდაც ქართველი მაყურებელი (და ჩვენი ქვეყნის სტუმრებიც) ალბათ მრავალი დიდებული მოვლენის მოწმე გახდება, ისეთივესი, როგორიც ეს შაბათ საღამოს იყო: საქართველოში ხომ ვანესა მეი უკრავდა!
ცოტა წარსულში თუ დავბრუნდებით, ვანესა მეი მაშინ გამოჩნდა (ბუნებრივია ტელეეკრანზე), როდესაც ჩვენს ქვეყანაში ჯერ კიდევ ბნელოდა და ვარსკვლავების შესახებ ელემენტარული ინფორმაციის მოპოვებაც კი არ იყო მარტივი საქმე. მეის ვირტუოზულმა შესრულებამ, დინამიკამ და შედევრების განსხვავებულად წარმოჩენამ მუსიკის მოყვარულებში მაშინვე მოიპოვა პოპულარობა. აბა, მაშინ ვინ იფიქრებდა, რომ დადგებოდა დრო და ის ქართველი პუბლიკისთვის ცოცხლად შეასრულებდა თავის დაუვიწყარ მუსიკას.
შეასრულა, და თან როგორ: ამაზე ყველაზე მეტად და ყველაზე ობიექტურად მაყურებლის რეაქცია მოწმობს ხოლმე. გადატენილმა ”ბლექ სი არენამ” კი შემსრულებელს წასვლის საშუალება არ მისცა და ვანესა მეი იძულებული გახდა, პროგრამასთვის გადაეხვია: იგი დაგეგმილზე ნახევარი საათით დიდხანს დარჩა სცენაზე, მას შემდეგ, რაც შოუთი აღფრთოვანებულმა მაყურებელმა მას დაბრუნება სთხოვა.
და ეს ყველაფერი არ ყოფილა: თავის მხრივ ამ სითბოთი მოხიბლულმა ვანესამ დაცვის სამსახური ”გვერდზე გაწია” და მსმენელთან ჩავიდა. რა შემთხვევაში იქცევიან სუპერვარსკვლავები ამგვარად, ამას დიდი მიხვედრა და კომენტარი არ სჭირდება.
ვანესამ ეს მოგვიანებით თავადაც აღნიშნა:
”ჩემთვის ამაღელვებელი კონცერტი გამოვიდა. Black sea arena-ზე პერფორმანსი ჩემთვის ძალიან სასიამოვნო იყო. ქართველმა მსმენელმა დიდი სიამოვნება მომანიჭა. მთელი დარბაზის დადებით რეაქციას ვგრძნობდი. უამრავ ხალხს უნდოდა ჩემთან ახლოს მოსვლა. ეს არაჩვეულებრივი ემოცია იყო.
ისედაც, საქართველოში ძალიან კარგი დრო გავატარე. შესანიშნავი ხალხი ხართ. დიდი სურვილი მაქვს, კიდევ დავბრუნდე“, – განაცხადა მეიმ.
მუსიკოსმა ცნობილი კომპოზიტორების ნაწარმოებები და კომპოზიციები შეასრულა. ახალი არენის ტექნიკური მონაცემები კი საშუალებას იძლევა, ძალიან ლამაზად და მრავალფეროვნად გააფორმოს ნებისმიერ წარმოდგენა. განათების სპეცეფექტები, რა თქმა უნდა, იცვლებოდა და კიდევ უფრო ლამაზს ხდიდა სანახაობას. ხმა და აკუსტიკა ხომ კიდევ ცალკე სათქმელია. ხმა ძალიან სუფთად და მკაფიოდ მოდიოდა და მიუხედავად სცენასა და მაყურებელს შორის დიდი დისტანციისა, ეს ზღვარი საერთოდ არ იგრძნობოდა. კიდევ ერთი: ძალიან მაგრად უკრავდა ბენდი და ამ ბიჭებზეც მხოლოდ აღფრთოვანებით თუ ისაუბრებ.
თქმა რად უნდა, კონცერტმა ანშლაგით ჩაიარა. საქართველომ დიდებულ კონცერტს უმასპინძლა, დამსწრე საზოგადოებას კი ალბათ, სამუდამოდ გაჰყვება ის ემოცია და განუმეორებელი შესრულება, რაც ყველა დროის გამორჩეულმა მევიოლინემ შეთავაზა.
საქართველო კულტურულად მაინც ევროპას უახლოვდება.
ბრიტანელი ვირტუოზი მევიოლინე და კომპოზიტორი ძირითადად ცნობილია ვიოლინოს ტექნო-აკუსტიკური შერწყმით, კლასიკური მუსიკის შესრულებით.
38 წლის ვანესა მეი სინგაპურშია დაბადებული, მამა ტაილანდელი ჰყავს, და მშობლების დაშორების შემდეგ, დედასთან (მის მეორე მეუღლესთან) ერთად ლონდონში გაიზარდა.
ვანესა ვიოლინოზე 5 წლიდან უკრავს. იგი სპორტის ზამთრის სახეობების დიდი მოყვარულია და თქვენ წარმოიდგინეთ, ოლიმპიურ თამაშებზე კი აქვს მონაწილეობა მიღებული.
ვანესა მეი უკრავს იტალიელი ოსტატის გვადანინის მე-18 საუკუნის ვიოლინოზე, რომელიც მას მშობლებმა აუქციონზე უყიდეს. ერთხელ ეს ვიოლინო მოიპარეს, თუმცა ინსტრუმენტის დაბრუნება მოხერხდა. ერთხელ კი ვანესას სცენაზე გასვლის წინ დაუვარდა და გატყდა, თუმცა ნიჭიერმა ოსტატებმა ის ისე აღადგინეს, რომ მან განუმეორებელი ტონი დაიბრუნა. ვიოლინო 458 ათას დოლარად არის შეფასებული;
კომპანია EMI-მ ვანესას კლასიკური მუსიკის ყველაზე გაყიდვადი შემსრულებლის პრემია მიანიჭა;
ვანესა სცენაზე პირველად 9 წლის ასაკში გავიდა.
ჟურნალმა People-მა ვანესა მსოფლიოს 50 ყველაზე ლამაზი ადამიანის რიცხვში შეიყვანა;
ვანესა გენიალური ნიკოლო პაგანინის დაბადების დღესაა დაბადებული – 27 ოქტომბერს;
მუსიკოსი მიიჩნევს, რომ ელექტრონული ვიოლინო უფრო კომფორტულია, მაგრამ კლასიკური უფრო ბუნებრივად და დამაჯერებლად ჟღერს. მას ელექტრონული ხმა მოსწონს, მაგრამ მუდმივად მასზე არ უკრავს. ამას გარდა, ის მშვენივრად უკრავს ფორტეპიანოზეც;
ის ვერ იტანს მწეველებს და არ უყვარს ცუდი სამზარეულო, უყვარს ძაღლების აღმოსავლური ჯიშები. თავადაც ჰყავს გასპარი და მაქსიმუსი, რომელთაც საზღვარგარეთის პასპორტები აქვთ;
ვანესა ამჟამად შვეიცარიაში ცხოვრობს, სადაც სათხილამურო სპორტითაა დაკავებული, მთებში ძაღლებთან ერთად სეირნობს, კითხულობს ფენტეზის ჟანრის წიგნებს და არ უყვარს კერძების მომზადება.
ჰოდა, საქართველო მისთვის ყოფილა: აბა, აქ ვინ რას გააკეთებინებდა, სამაგიეროდ, რა კერძებს დააგემოვნებდა…
ვახტანგ დარასელია