ინექცია მარცხენა მკლავზე მხოლოდ რამოდენიმე წამს გაგრძელდა. საინექციო შპრიცში კი იყო მსოფლიოს იმედები Covid-19-თან ბრძოლაში და არც ისე მცირე რისკი.
პირველი ადამიანი, რომელზეც შესაძლო ვაქცინა გამოსცადეს, ჯენიფერ ჰოლერი გახლავთ, 44 წლის ორი შვილის დედა სიეტლიდან, რომელიც უყოყმანოდ დათანხმდა მოხალისეობას. მან ,,ფეისბუქის” საშუალებით შეიტყო, რომ მეცნიერები ვაქცინის გამოსაცდელად მოხალისეებს ეძებდნენ და გადაწყვიტა ამ ყველაფერში მონაწილეობა მიეღო. ჯენიფერი, რომელიც ამ დროისათვის ვაშინგტონში, თვითიზოლაციაში იმყოფება, თავის გადაწყვეტილებასა და გამოცდილებაზე ბრიტანულ გამოცემა The Telegraph-ს ესაუბრა.
,,მაშინ თავს ყველა დაუცველად ვგრძნობდით. არაფერი იყო, რისი გაკეთებაც შეგვეძლო ამ ყველაფრის შესაჩერებლად, თუმცა შემდეგ დავინახე შესაძლებლობა, პანდემიასთან ბრძოლაში ჩემი წვლილი შემეტანა და ვიფიქრე, “იქნებ მართლა შემიძლია მეც გავაკეთო რაღაც“. – ამბობს ჰოლერი.
მისი თქმით, არსებული რეალობის ფონზე, როდესაც აღარ გვაქვს აქამდე ჩვეული და დაუფასებელი უფლებები: გადაადგილების თავისუფლება, მუშაობის უფლება, გარეთ გასვლის უფლება და ა.შ, რომლებიც covid-19-ის ჩრდილმა დაფარა, ბევრად უფრო მნიშვნელოვანია ბრძოლა ამ ყველაფრის დაბრუნებისათვის.
მიუხედავად სურვილისა, ჯენიფერს გადაწყვეტილება მყისიერად არ მიუღია. სამედიცინო შემოწმებების პარალელურად, რომელიც საცდელი ვაქცინის გამოცდაში მონაწილეობის ყველა მსურველმა გაიარა, მას მუდმივად უწევდა თავისი ოჯახის წევრების და მეგობრების დარწმუნება თავისი გადაწყვეტილების სისწორეში. ბუნებრივია ისინი ღელავდნენ თუ რამდენად უსაფრთხო იქნებოდა ეს ყველაფერი. მიუხედავად იმისა, რომ ჯენიფერმა და მისმა ქმარმა ნება დართეს მკვლევარებს, მათი ახალშობილი შვილის მონაცემები კვლევისთვის გამოეყენებინათ, ეს მაინც სხვა შემთხვევა იყო.
ვაქცინის გამოცდა, რომლესაც ვაშინგტონის ჯანდაცვის კვლევითი ინსტიტუტის სიეტლის ფილიალი ატარებს, ორ ეტაპად ტარდება. მოხალისეებს 28 დღიანი შუალედით ორი ინექცია ჩაუტარდებათ, შემდეგ კი ერთი წლის განმავლობაში ისინი მუდმივი დაკვირვების ქვეშ იქნებიან.
ვაქცინამ სახელად mRNA-1273 ცხოველებში გამოცდის შემდეგ დამაიმედებელი შედეგები აჩვენა. ჯენიფერ ჰოლერი პირველი ადამიანია, რომელსაც აღნიშნული ვაქცინის ინექცია გაუკეთდა.
საცდელი ინექცია თავად Covid-19-ის არცერთ ნაწილს არ შეიცავს, თუმცა მიუხედავად ამისა, უამრავი რისკი არსებობს. ,,ინექციამდე 45 გვერდიანი დოკუმენტი გადმომცეს, სადაც ყველა შესაძლო რისკი იყო ჩამოთვლილი, მათ შორის ისიც, რომ შესაძლოა ინექციის შემდეგ Covid-19 უფრო იოლად შემხვედროდა. მიუხედავად ამისა, დოკუმენტს ხელი მოვაწერე, რადგან ჩემი აზრით ვაქცინის აღმოჩენა იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერ რისკს გადაწონის. ინექციის შემდგომ დღეებში სპეციალურ დაკვირვებას ვაწარმოებიდი ჩემს თავზე და ვინიშნავდი ნებისმიერ სიმპტომს. მეორე დღეს ოდნავ ამიწია ტემპერატურამ, შემდეგ ოდნავ გამისივდა ინექციის ადგილი, თუმცა ამის შემდეგ არანაირი სიმპტომი არ მქონია. ყველაფერი ისე იყო, როგორც გრიპის ვაქცინით აცრის დროს”– ამბობს ჯენიფერი.
მისი თქმით იმის შესახებ, რომ პირველი ადამიანი იქნებოდა, ვისაც ინექციას გაუკეთებდნენ მას შემდეგ შეიტყო, რაც 16 მარტს კვლევით ცენტრში ინექციის გასაკეთებლად მივიდა. მას შემდეგ, რაც მისი სახელი ცნობილი გახდა, ჯენიფერ ჰოლერი ასეულობით ადამიანისაგან იღებს მესიჯებს სოციალური ქსელების მეშვეობით, რაც ყველაზე მეტად მის 16 და 13 წლის შვილებს ახარებთ. მიუხედავად ყველაფრისა პირველ ადამიანს, რომელსაც საცდელი ვაქცინა გაუკეთდა არ მიაჩნია, რომ გმირია. “მე სამყაროს გადამრჩენი არ ვარ, უბრალოდ მინდა ამ ყველაფერში ჩემი წვლილი შევიტანო. ნამდვილი გმირები სხვა ადამიანები არიან – ექიმები, ექთნები, მაღაზიების და აფთიაქების თანამშრომლები, პოლიციელები. ათასობით მათგანი სიცოცხლეს რისკავს სხვების გამო და ისინი უნდა დავაფასოთ. თუმცა რასაკვირველია ძალიან მიხარია, როდესაც სოციალური ქსელებით ადამიანები გამამხნევებელ მესიჯებს მიგზავნიან. ” – აცხადებს ქალბატონი ჰოლერი.
ჯენიფერს და კლინიკურ გამოცდაში მონაწილე 44 პირს განმეორებითი ინექცია ამ კვირაში ჩაუტარდებათ. მათზე დაკვირვება 2021 წლის გაზაფხულამდე გაგრძელდება.
მეცნიერების თქმით, ახალი კორონავირუსის ერთხელ და სამუდამოდ დასამარცხებლად ყველაზე ეფექტური გზა ვაქცინის შექმნაა, რასაც მინიმუმ ერთი წელი დასჭირდება. ახალი კორონავირუსის ვაქცინაზე მსოფლიოს მასშტაბით მეცნიერთა ათეულობით ჯგუფი მუშაობს.