LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ვალს ვალი ემატებოდა… შიმშილით ვიხოცებოდით, მივიღე მძიმე გადაწყვეტილება“ – ხალხი საქართველოს მასობრივად ტოვებს

1354
emigrantwebi 2

სანამ ხელისუფლება და ოპოზიცია პროპორციულ-მაჟორიტარულ სისტემაზე დავობს, სანამ სპეცრაზმი აქციებს შლის და მოსამართლეები აქციის მონაწილეებს ციხეში უშვებენ, ამასობაში საქართველოს მოქალაქეები ლუკმა-პურის საშოვნელად ქვეყანას მასობრივად ტოვებენ.

რადიო „ფორტუნას“ მიაწოდეს ინფორმაცია, რომ მაგალითად, პოლონეთში, სადაც ლეგალურად დასაქმებაა შესაძლებელი, საელჩოში ჩაწერას იანვრამდე ვერ მოახერხებთ. მათი ინფორმაციით, საქართველოდან იმდენი მოქალაქე გადის, რომ უახლოესი 3 თვე ყველა ადგილი შევსებულია. ამ ადამიანებიდან შესაძლოა, ნაწილი პოლონეთიდან სხვა ქვეყანაში გადასვლას აპირებს, მაგრამ ფაქტი ისაა, რომ ხალხი საქართველოდან გარბის.

ჩვენ რამდენიმე ემიგრანტსაც დავუკავშირდით და დავინტერესდით, ვინ რატომ წავიდა საქართველოდან, მანამდე კი ოფიციალურ სტატისტიკას გადახედეთ.

საქართველოდან წასვლისას თან სუნთქვა მიმაქვს: რუსეთში მცხოვრები ქართველის ქალის ისტორია

ყველაზე ღირებული საქმე, რასაც ქართველი ემიგრანტი აკეთებს - სხვისი დახმარებაა.

ამ დროისთვის სრულად 2018 წლის მონაცემები გვაქვს, რომლის თანახმად, მხოლოდ შარშანდელი ინფორმაციით, ქვეყანას 100 ათასამდე ემიგრანტი ჰყავს, ანუ ამ ადამიანებმა საზღვარი გადაკვეთეს და საქართველოში აღარ დაბრუნდნენ. საინტერესოა ის ფაქტიც, რომ ეს მაჩვენებელი 2017 წლის მონაცემებს თითქმის 16%-ით აჭარბებს.

ქართველი ემიგრანტები ჩვენთან საუბარში ამბობენ, რომ მათ ელემენტარული საარსებო საშუალება არ ჰქონდათ და საქართველოდან ამიტომ წავიდნენ. ისინი უახლოეს მომავალში დაბრუნების პერსპექტივას ვერ ხედავენ.

გულნაზი, 52 წლის: „მე ლეჩხუმიდან ვარ. ქმარი და სამი შვილი მყავს. ერთი ბიჭი შშმ პირია, ქმარი პენსიონერი მყავს. იტალიაში იმისთვის ჩამოვედი, რომ ელემენტარული პურის ფული არ გვქონდა. ჩემი ორი ბიჭიც ხან მუშაობდა, ხან არა. იძულებული ვიყავი სამუშაოდ წამოვსულიყავი, აბა, სხვა რა გზა მქონდა“.

ეკა, 40 წლის: “სოფელში ვცხოვრობდით, სამი შვილი მყავს, ყველაფერი გავყიდეთ, ლამის შიმშილით ვიხოცებოდით, მერე თბილისში ჩამოვედით, ჩემმა ქმარმა ტაქსაობა დაიწყო. ძველი მანქანა გვყავდა და რასაც იღებდა ფულს, სულ იმის გაკეთებას სჭირდებოდა. ჯერ მე წამოვედი საქართველოდან, ახლა შვილებიც და ქმარიც აქ არიან, ვმუშაობთ, რომ ჩავალთ, იქნებ ერთოთახიანი ბინა მაინც ვიყიდოთ“.

ნინო, 25 წლის: „ჩემი ქმარი ხშირად თამაშობდა და ამის გამო დიდი ვალები გვქონდა, ჩვენი ბინა ბანკში იყო ჩადებული. ამიტომ იძულებული გავხდი, 5 წლის ბავშვი დამეტოვებინა და სამუშაოდ წამოვსულიყავი“.

ემიგრანტების ნაწილი ამბობს, რომ ბინების გაყიდვა შვილების ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო დასჭირდათ, რის შემდეგაც ისინი, ფაქტობრივად, ქუჩაში დარჩნენ. ზოგიერთ მათგანს დროებითი მოქალაქეობის საბუთი აქვს, ზოგი კი წლებია საზღვარგარეთაა და საქართველოში დროებით ჩამოსვლის უფლებაც არ აქვს.

ემიგრანტთა რაოდენობის ზრდაზე საქართველოს 219 წლის მიგრაციის პროფილშიცაა საუბარი, რომელიც მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის ფარგლებში შემუშავდა.

ანგარიშიდან ირკვევა, რომ საქართველოდან ყველაზე მეტი ემიგრანტი რუსეთშია წასული.

ანგარიშში „საქსტატის“ მონაცემებია მოყვანილი და აღნიშნულია, რომ ბოლო 4 წელიწადში ქვეყნიდან ყველაზე მეტი ემიგრანტი 2018 წელს გავიდა.

ანგარიშის მიხედვით, ზრდადია ევროკავშირის ქვეყნებში ბინადრობის უფლების მქონეების რაოდენობაც.

ასეთი მოქალაქეების 60% ამ დროისთვის საბერძნეთში, იტალიასა და გერმანიაში იმყოფება.

რაც შეეხება არალეგალურად წასულებს, ყველაზე მეტი არალეგალი ემიგრანტი გერმანიაში, საფრანგეთსა და საბერძნეთშია.

ამ საკითხზე „საზოგადოება და ბანკებისა“ და ილიაუნის „ფინანსური განათლების ცენტრის“ ერთობლივი კვლევა გამოქვეყნდა, სადაც წერია, რომ 2002-2017 წლებში

ქვეყანიდან ემიგრაცია მილიონ 400 ათასი ადამიანი გავიდა.

როგორც კვლევის ავტორები აცხადებენ, ემიგრაციას თან ახლავს კვალიფიციური კადრების გადინება, რაც მათი თქმით, კიდევ უფრო აუარესებს ქვეყნის ეკონომიკურ მაჩვენებელს.

ეს ყველაფერი მხოლოდ იმაზე მიუთითებს, რომ ბოლო წლებში, მოქალაქეების ელემენტარული პირობები არ გაუმჯობესებულა და თუ ასე აგრძელდა, საქართველოში მხოლოდ ის ადამიანები დარჩებიან, ვისაც ქვეყნიდან ფიზიკურად წასვლა არ შეუძლიათ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები