19-26 ოქტომბერს ესპანეთში ვალიადოლიდის საერთაშორისო კინოფესტივალი გაიმართება, სადაც საქართველო საპატრიო სტუმარი ქვეყნის სტატუსით წარსდგება.
ქართული ფოკუსის ფარგლებში ნაჩვენები იქნება ბოლო 20 წლის მანძილზე შექმნილი 20-ზე მეტი ქართული ფილმი, მათ შორის:
1. ოთარ იოსელიანის „შანტრაბა“
2. ზაზა ურუშაძის „მანდარინები“
3. გიორგი ოვაშვილის „სიმინდის კუნძული“
4. ნანა ექვთიმიშვილის „გრძელი, ნათელი დღეები“
5. რეზო გიგინეიშვილის „მძევლები“
6. მარიამ ხაჭვანის „დედე“
7. ნუცა ალექსი-მესხიშვილის „კრედიტის ლიმიტი“
8. ლევან კოღუაშვილის „შემთხვევითი პაემნები“
9. თინათინ ყაჯრიშვილის „პატარძლები“
10. ქეთი მაჭავარიანის „მარილივით თეთრი“
11. რუსუდან გლურჯიძის „სხვისი სახლი“
12. ანა ურუშაძის „საშიში დედა“
13. თინათინ ყაჯრიშვილის „ჰორიზონტი“
14. ლევან კოღუაშვილის „გოგიტას ახალი ცხოვრება“
15. ნუცა ალექსი-მესხიშვილის „ფელიჩიტა“
16. რატი ონელის „მზის ქალაქი“
17. ზაზა ხალვაშის „ნამე“
18. თორნიკე ბზიავას „აპრილის სუსხი“
19. ნანა ექვთიმიშვილის „დედა“
20. რატი წითელაძის „სოციუმის პატიმარი“
21. რატი წითელაძის „დედა“
22. ანა სარუხანოვას „დღის ბოლომდე“
აღსანიშნავია, რომ ვალიადოლიდის კინოფესტივალზე აჩვენებენ კოტე მიქაბერიძის 1929 წელს გადაღებულ ფილმს „ჩემი ბებია“, რომელსაც მუსიკალურად რეზო კიკნაძის ტრიო გააფორმებს.
ფესტივალის მთავარ საკონკურსო პროგრამაშია ლევან აკინის ფილმი „და ჩვენ ვიცეკვეთ“, რომლის მსოფლიო პრემიერა კანის საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა.
ვალიადოლიდის კინოფესტივალის ჟიურიში 2 ქართველი კინორეჟისორი იქნება – ქეთი მაჭავარიანი (საერთაშორისო კონკურსი) და ნუცა ალექსი-მესხიშვილი. ასევე, ფესტივალი გამოსცემს ორენოვან წიგნს (ქართულ და ესპანურ ენებზე) ქართული კინოს შესახებ, სადაც კინომცოდნეების – ლელა ოჩიაურის, ზვიად დოლიძისა და ირინა დემეტრაძის სტატიები შევა.
საქართველოს, როგორც სტუმარ ქვეყანას, ვალიადოლიდის ფესტივალი 24 ოქტომბრის პროგრამას მიუძღვნის. გაიმართება არაერთი აქტივობა, მათ შორის დისკუსია ქართული კინოს შესახებ მრგვალი მაგიდის ფორმატში, რომელსაც ქართველი კინემატოგრაფისტები – ქეთი მაჭავარიანი, ნუცა ალექსი-მესხიშვილი, თინათინ ყაჯრიშვილი, ლაშა ხალვაში, თორნიკე ბზიავა და ფილმ „და ჩვენ ვიცეკვეთ“ შემოქმედებითი ჯგუფის წევრები დაესწრებიან. საღამოს ესპანეთში ქართული საელჩოსა და ვალიადოლიდის კინოფესტივალის ორგანიზებით გაიმართება ქართული მიღება ფესტივალის სტუმრებითვის.
ვალიადოლიდის კინოფესტივალი 1956 წლიდან იმართება და იგი ესპანეთში საავტორო კინოს ყველაზე მნიშვნელოვანი ფესტივალია. სხვადასხვა დროს იგი დაკავშირებული იყო ისეთ სახელებთან, როგორებიცაა – პედრო ალმადოვარი, კენ ლოუჩი, არტურ პენი, ინგმარ ბერგმანი, ლუკინო ვისკონტი, ფრანსუა ტრიუფო, ვონგ კარ-ვაი, ანჟეი ვაიდა, ნიკიტა მიხალკოვი და სხვა.